ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიები 11 მლნ ლარით დაჯარიმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'12 / 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ივლისს დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების, შპს „ბურჯის“ და „მენეჯმენტ სერვისის“ 11 მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე.

საქმე ორ ეპიზოდს ეხება. პირველ შემთხვევაში შპს „ბურჯი“ 8.64 მილიონი ლარით დაჯარიმდა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, იმის გამო, რომ კომპანიამ 54 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა ივნისში, რომლებიც „უფასოდ“ ემსახურებოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.

შპს „ბურჯის“ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მთლიანად ემყარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსაფუძვლო არგუმენტებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ თავად ჯარიმის მოცულობაც უსაფუძვლოა და აღნიშნეს, რომ ეს მაჩვენებელი განისაზღვა არა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე, არამედ 54 მანქანის საერთო ღირებულების მიხედვით.

მეორე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ივლისს ცალკე მოსმენის დროს განიხილა, შპს „ბურჯი“ და „მენეჯმენტ სერვისი“ 2.37 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, მტკიცებით შპს „ბურჯმა“, რომელიც „მენეჯმენტ სერვისმა“ დაიქირავა, „ქართულ ოცნების“ ოფისები გაარემონტა, მაგრამ „ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა.“ თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ წინა საქმის მსგავსად, აქაც სასამართლო მიკერძოებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ, რომელმაც, ადვოკატების თქმით, ხელოვნურად გაბერა გაწეული სარემონტო სამუშაოების რეალური ღირებულება.

Civil.Ge © 2001-2024