სახელმწიფო ივანიშვილის საბანკო აქტივების იძულებით მართვას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jul.'12 / 15:15

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ბანკების აქციათა აუქციონზე გაყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა სურს.

2 ივლისს ხელისუფლებამ ინტერნეტ აუქციონი გამოაცხადა დაყადაღებული აქციების 100%-ზე "ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე „პროგრეს ბანკში" მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა უარი თქვა პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის აღარ არის „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

10 ივლისს დასრულებულ აუქციონში, რომელზეც "ქართუ ჯგუფთან" მიმართებაში საწყისი ფასი 75 940 330 ლარი, „პროგრეს ბანკში" აქციების 21.7%–ის საწყისი ფასი კი 1 783 249 ლარი იყო, მონაწილეობა არავის მიუღია.

11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ გამოყენებულ იქნა კანონით მინიჭებული უფლება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე იძულებითი აღსრულების თავდაპირველად არჩეულ ფორმას – აუქციონს, ჩაენაცვლა ქონების იძულებითი მართვა. 

ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას“, – განმარტავს აღსრულების ეროვნული ბიურო.

„იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024