ივანიშვილის საბანკო აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'12 / 13:31

12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21.7%-ის მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

უგულავა, რომელიც ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის áƒªáƒ”ნტრის პრეზიდენტია, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს მონაწილეობდა „არაერთი წარმატებული  ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში“, მათ შორის იყო "ალდაგი ბისიაი"-ს საზედამხედველო საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობდა „ტაოპრივატბანკს".

უგულავა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ასევე იყო  ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

აღსრულების ბიურომ 11 ივლისს სასამართლოს ივანიშვილის  ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიმართა, რაც აუქციონზე გატანილი დაყადაღებული აქციები არ გაიყიდა. ამ ქონებაზე აღსრულების პროცედურები იმის გამო დაიწყო, რომ ივანიშვილმა უარი თქვა პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის აღარ არის „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, იძულებითი მართვის შედეგად ჯარიმის ოდენობა ეტაპობრივად დაიფარება. ამ დროის განმავლობაში ვლადიმერ უგულავა ისარგებლებს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მისი მფლობელის საკუთრებაში დარჩება.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართუ ბანკში“ იძულებითი მმართველობის შემოღება იმ ძალადობის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება ამ ბანკის წინააღმდეგ ოქტომბერში მისი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ახორციელებს.

Civil.Ge © 2001-2024