“ბანკი ქართუს” უმაღლესი მენეჯმენტი გათავისუფლებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'12 / 18:26

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ახალმა მმართველმა „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი და უმაღლესი მენეჯმენტის სხვა წევრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

დათხოვნილია ასევე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოც. ამ გადაწყვეტილებებით „ქართუ ბანკის“ 100%–იანი აქციების მმართველი ვლადიმერ უგულავა ბანკის მართვას შეუდგა.

სახელმწიფომ „ქართუ ბანკის“ მფლობელი „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ს და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ს ყადაღა დაადო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.

ნოდარ ჯავახიშვილი, „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ივანიშვილმა ბანკის ხელმძღვანელად ოქტომბერში მას შემდეგ დანიშნა, რაც წინა ხელმძღვანელი ხელისუფლების „აგენტობის“ მოტივით გაათავისუფლა. ჯავახიშვილი, რომელიც 90–იან წლების შუა პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა, „ბანკ ქართუში“ მისვლამდე ეროვნული ფორუმის წევრი იყო.

აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7% áƒáƒ£áƒ¥áƒªáƒ˜áƒáƒœáƒ–ე თვის დასაწყისში გაიტანა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა უარი თქვა პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის აღარ არის „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

ინტერნეტ აუქციონი, სადაც „ქართუ ჯგუფის“ საწყისი ფასი 75.94 მილიონი ლარი, ხოლო „პროგრეს ბანკის“ 21.7%–ის აქციების ფასი 1.78 მილიონი ლარი იყო, 10 ივლისს დაიხურა ისე, რომ მას მყიდველი არ გამოუჩნდა. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის  ქონება იძულებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანა და განაცხადა, რომ იძულებითი მართვის შედეგად ჯარიმის ოდენობა ეტაპობრივად დაიფარება. ამ დროის განმავლობაში ვლადიმერ უგულავა ისარგებლებს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მისი მფლობელის საკუთრებაში დარჩება.

Civil.Ge © 2001-2024