მთავრობა სტიქიით დაზარალებულებს დახმარების პაკეტს სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jul.'12 / 15:36

ძლიერი წვიმის, ქარის და სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამ კატეგორიად დაიყოფიან მიყენებული ზარალის áƒáƒ“ენობის მიხედვით და ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ 300 ლარიდან 1 500 ლარის ფარგლებში, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 ივლისს.

იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1 300 ლარიდან 1 500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70–80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.

ჯერ–ჯერობით უცნობია სულ რამდენი ოჯახი მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, რომელთაც ბანკის სესხები ჰქონდათ აღებული და რომელთა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც განადგურდა. მისი თქმით, სახელმწიფო ამ სესხების პროცენტს დაფარავს ერთი წლის მანძილზე. 

ჯერ–ჯერობით უცნობია მათი რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიაში ექცევიან, ასევე იმ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელიც ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ფინკა საქართველო“ ინფორმაციით, სტიქიამ ორგანიზაციის, დაახლოებით, 700 კლიენტი დააზარალა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა დაზარალებული ოჯახებისთვის ფქვილის, ზეთის და შაქრის, ასევე სასუქების და საწვავის უფასოდ დარიგებას დაიწყებს.

ხუთშაბათს საღამოს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით áƒ›áƒ˜áƒ§áƒ”ნებული ზარალი უზარმაზარია და შესაძლოა ასობით მილიონს მიაღწიოს.  

„მე მინდა ვუთხრა ჩვენ ძმებს, დებს, თანამემამულეებს, ვინც დაზარალდა: მოგხედავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მართალია საქართველო არ არის ძალიან მდინარი ქვეყანა და მას არ აქვს ილუზია, რომ სრულად ანაზღაურდება ეს ზარალი, მაგრამ, „ყველაზე დაუცველ ადამიანებს ჩვენ პირველ რიგში დავეხმარებით“.

პრემიერ–მინისტრმა მერაბიშვილმა ასევე განაცხადა 20 ივლისს, რომ სახელმწიფო მთლიანად გაარემონტებს სახლების და შენობების სახურავებს ან საჭიროების შემთხვევაში ახლით გადახურავს. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 ივლისს, რომ პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო ამ მასშტაბის დახმარებას გეგმავს. 

Civil.Ge © 2001-2024