სტიქიით განპირობებული საბიუჯეტო ცვლილებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jul.'12 / 17:06

2012 წლის ბიუჯეტის შიდა რესურსებიდან სულ 162.3 მლნ ლარი იქნება მობილიზებული 19 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით როგორც მოკლევადიანი დახმარების პროგრამებისთვის, ისე გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტი საგანგებო სხდომაზე 25 ივლისს დაამტკიცებს, მხოლოდ ხარჯების პარამეტრი იცვლება, რომელიც არსებული 6.777 მლრდ ლარიდან გაიზრდება 6.783 მლრდ ლარამდე. შემოსავლების ნაწილს ცვლილებები არ ეხება.

პროექტის თანახმად, წელს ერთჯერადად შეიქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი 50 მლნ ლარის ოდენობით, რომელსაც პრემიერ–მინისტრი განკარგავს. ამ ფონდიდან დაფინანსდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოსახლეობის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციების გაცემა.

მთავრობის მიერ შეთავაზებული დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების ერთი წლით გადავადებას. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ბანკებთან ერთად მუშავდება სქემები, თუ როგორ დაფარავს მთავრობა საბანკო პროცენტებს, რომელთა საერთო ოდენობაც, მისი თქმით, „ჯერ არ დაგვითვლია“.

ამას გარდა, 110 მლნ ლარამდე გაიზრდება კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული პროგრამის მოცულობა, საიდანაც 80 მლნ ლარი მსოფლიო ბანკის კრედიტს წარმოადგენს და რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ბიუჯეტში უკვე ასახული იყო, მთავრობა  იმ 162.3 მლნ ლარის ოდენობის თანხაში თვლის, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ჯამურად გამოიყოფა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2.1 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით გამოეყოფათ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს.

ბიუჯეტში დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას არ უკავშირდება. ეს ცვლილება შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს არსებული 1.8 მლრდ ლარის დაფინანსების 6 მლნ ლარით ზრდას.  ეს დამატებითი დაფინანსება მოხმარდება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვას და ერთიანი ბაზის შექმნას, ასევე áƒ“ევნილთა საჭიროებების შესწავლის ახალ პროგრამას, რომელიც  ითვალისწინებს 44 700 დევნილი ოჯახის გამოკითხვას áƒ›áƒáƒ—თვის შემდგომი საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვის მიზნით – ამგვარი ცვლილებების ბიუჯეტში განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტ ჯერ არ დაუნიშნავს.

მთავრობის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია ახალი ხარჯების სამი წყაროდან დაფინანსდება. ესენია: საგარეო ვალების მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხების ეკონომიით წარმოქმნილი 11 მლნ ლარი; 39 მლნ ლარი, რომელიც მოაკლდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, რომლის საერთო áƒ›áƒáƒªáƒ£áƒšáƒáƒ‘აც შედეგად 357.9 მლნ ლარამდე შემცირდება; და ასევე დაფინანსება შეუმცირდება სამინისტროების უმეტესობას. 

საბიუჯეტო თანხები შემდეგ სამინისტროებს დააკლდებათ:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 134.2 მლნ ლარი (ამჟამად 163.6 მლნ ლარი)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  – 83.5 მლნ ლარი (ამჟამად 91 მლნ ლარი)
  • ფინანსთა სამინისტრო – 118.2 მლნ ლარი (ამჟამად 123.2 მლნ ლარი)
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 600.6 მლნ ლარი (ამჟამად 600.8 მლნ ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.05 მლნ ლარი (ამჟამად 585.2 მლნ ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 38.1 მლნ ლარი (ამჟამად 38.2 მლნ ლარი)
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 124.9 მლნ ლარი (ამჟამად 125.1 მლნ ლარი)
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 290.1 მლნ ლარი (ამჟამად 290.3 მლნ ლარი)
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 23.827 მლნ ლარი (ამჟამად 23.877 მლნ ლარი)
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 59 მლნ ლარი (ამჟამად 59.2 მლნ ლარი)
  • რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (ამჟამად 1.3 მლნ ლარი).

თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 6 მლნ ლარით გაეზრდება და 982 მლნ ლარს მიაღწევს საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო განხილვების დროს განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსები იმ ზარალის „ადეკვატურია“, რაც სტიქიამ კახეთის, სამცხე–ჯავახეთის და მცხეთა–მთიანეთის რეგიონს მიაყენა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ რესურსებში არ არის ასახული ის 10 მლნ ლარი, რომელიც ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის ანგარიშზე გადაურიცხა ბიუჯეტს. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია „საკმარისი“ არ არის და ის დამატებითი თანხების გადარიცხვას გეგმავს ბიუჯეტში.

პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, 10 მლნ ლარი ბიუჯეტის ანგარიშზე ჯერ არ ასახულა. „ეს თანხა არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენ პოლიტიკაზე, ჩაირიცხება ის თუ არ ჩაირიცხება“, – განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის დროს დეპუტატებმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ ძირითადი პრეტენზიები მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით წაუყენეს, რადგან მათი თქმით, კანონის თანახმად სწორედ ამ ფონდებიდან უნდა მომხდარიყო სტიქიის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა 2012 წლისათვის ჯამში 100 მლნ ლარს შეადგენს (თითოეული 50 მლნ ლარი). პეტრიაშვილის ინფორმაციით, პირველ შვიდ თვეში ფონდებიდან 60 მლნ ლარია დახარჯული და ანგარიშებზე რჩება 40 მლნ ლარი. მან ვერ გასცა პასუხი დეპუტატების დაჟინებულ შეკითხვას, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა სარეზერვო ფონდების თანხები და აღნიშნა, რომ სამინისტრო კვარტალური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს თვის ბოლოს შესაბამის ინფორმაციას პარლამენტს.

პეტრიაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 19 ივლისის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე 6.8 მლნ ლარი გამოიყო და იხარჯება.

Civil.Ge © 2001-2024