ბეჟაშვილი კახეთის აღდგენის საკოორდინაციო შტაბს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jul.'12 / 13:16

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კახეთში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა, რომელიც კახეთის აღდგენისა და აღორძინების შტაბს ჩაუდგება სათავეში და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც  სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა 23 ივლისს დატოვა და ამის მოტივად დაასახელა მისი სურვილი დაეხმაროს კახეთის რეგიონს „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“. áƒáƒ› ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიერა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ბეჟაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას აპირებს, სავარაუდოდ, კახეთის რომელიმე ერთმანდატიან ოლქში.

25 ივლისს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა ბეჟაშვილს, რომ „ძალიან ვაჟკაცური საქციელია ის, რომ დატოვე მაღალი თანამდებობა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელის პოსტს მშობლიური კუთხის, კახეთის დახმარება ამჯობინე“.

25 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით მმართველი პარტიის დეპუტატი, ლაშა თორდია დაამტკიცა.

Civil.Ge © 2001-2024