პროკურატურა კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზეზებს განმარტავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jul.'12 / 15:28

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, რაც ყოფილი ფეხბურთელის და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახი კალაძის საბანკო ანგარიშებიდან 1 600 000 ლარამდე ნაღდი ფულის გატანას უკავშირდება. 

„ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ განცხადება კოალიციამ 26 ივლისს გაავრცელა. ადვოკატის თქმით, საქმე შემოსავლის უკანონო ლეგალიზების შესაძლო ფაქტს ეხებოდა, თუმცა იმ დროისთვის დეტალები უცნობი იყო.

მთავარმა პროკურატურამ 27 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში კალაძის საბანკო ანგარიშებზე ჩაირიცხა 6 მილიონ აშშ დოლარი და ეტაპობრივად ნაღდი ფულის სახით „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“ გატანილი იქნა 1.6 მლნ ლარი.

„[ამ ნაღდი ფულის] შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დროის იმავე მონაკვეთში საერთო ჯამში, დაახლოებით, 900 000 ლარის ოდენობით თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით მიიმართა სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.

„საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კალაძის ადვოკატების განცხადებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მათი თქმით, გაუმართლებელია, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

Civil.Ge © 2001-2024