სახალხო დამცველი პროკურატურას ჟურნალისტის დაშანტაჟების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jul.'12 / 15:53

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მეცხრე არხის ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართა. 

მას შემდეგ, რაც ნოდარ ჩაჩუამ განაცხადა 27 ივლისს, რომ სამი მამაკაცი, სავარაუდოდ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები, მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჟურნალისტს შეხვდნენ და მას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 

ჩაჩუა აცხადებს, რომ 23 ივლისს მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა თბილისის ცენტრში და თავის მანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, სადაც კიდევ ორი მამაკაცი იჯდა; ჩაჩუას ახსნა–განმარტების თანახმად, საუბრის დროს ორმა მამაკაცმა, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში და შეირაღებულები იყვნენ, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს „მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი“ და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას.

მედიისთვის გაკეთებულ ცალკე განცხადებაში ჩაჩუამ აღნიშნა, რომ მამაკაცებმა შესთავაზეს მას ფულის სანაცვლოდ მეცხრე არხის ყოველდღიური საქმიანობების და ასევე სხვა თანამშრომლების შესახებ პირადი  ინფორმაციები მიეწოდებინა. ჩაჩუას თქმით, სამმა მამაკაცმა ასევე უთხრა მას სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მეცხრე არხის ერთ–ერთ თანამშრომელ მამაკაცთან და ეს ფარულად ჩაეწერა ვიდეოზე. ჩაჩუამ განაცხადა, რომ ის სამ მამაკაცს 26 ივლისს ისევ შეხვდა მას შემდეგ, რაც ისინი მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან სამი მამაკაციდან ერთ–ერთი ამოიცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო ჩანაწერში, სადაც ეს მამაკაცი დაპატიმრებულ ეჭვმიტანილს სამართალდამცავის რანგში ახლავს. ჩაჩუამ იმ მანქანის ნომერიც დაასახელა, რომელშიც საუბარი შედგა მეორე შეხვედრის დროს, ასევე მობილური ტელეფონის ნომერიც, რომლიდანაც მას დაურეკეს მეორე შეხვედრის დასაგეგმად.

30 ივლისს ჩაჩუამ მისი დაშანტაჟების მცდელობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. 

Civil.Ge © 2001-2024