აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Aug.'12 / 11:45

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩევლები 1 ოქტომბერს 21–წევრიან საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოს აირჩევენ.

პოლიტიკური პარტიების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ვადა 5 აგვისტოს იწურება.

აჭარის მოქმედი საკანონმდებლო ორგანო ამჟამად 18 წევრისგან შედგება, თუმცა ახალ უმაღლეს საბჭოში ადგილების რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.

ქვეყნის პარლამენტის მსგავსად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც უმრავლესობას მმართველი პარტიის დეპუტატები შეადგენენ 15 მანდატით, ხოლო დანარჩენი სამი მანდატი ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას ეკუთვნის. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ აჭარაში 2008 წლის ნოემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

აჭარის უზენაესი საბჭო, ქვეყნის პარლამენტის მსგავსად, ოთხი წლის ვადით ირჩევა. 21–წევრიანი უმაღლესი საბჭოში 6 წევრი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო დანარჩენი 15 მანდატი იმ პარტიებს და ბლოკებს შორის გადანაწილდება, რომელებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.   

Civil.Ge © 2001-2025