ივანიშვილი კოალიციისთვის ყველაზე უარეს, საუკეთესო და საშუალო შედეგებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Aug.'12 / 13:52

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიციისთვის 150–წევრიან პარლამენტში მანდატების სამი–მეოთხედის მოპოვება „საუკეთესო შედეგი“ იქნება 1 ოქტომბრის არჩევნებზე.

მედია–კავშირ „ობიექტივთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების“  „საშუალო შედეგი“ არის „ორი მესამედი და ორ მესამედთან ახლოს“.
 
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე უარესი შედეგი იქნება ხმების 40%–ის მიღება და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კოალიცია „კატასტროფულ შეცდომებს“ დაუშვებს ან „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად რაიმე გაუთვალისწინებელ მოვლენებს ექნება ადგილი. 

„ჩვენი ყველაზე უარესი შედეგიც კი მაგათთვის [ხელისუფლებისთვის] გამანადგურებელია“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

2 აგვისტოს Wall Street Journal–ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში ივანიშვილი ამბობს, რომ მის კოალიციას და მმართველ პარტიას თანაბარი პოზიციები უკავიათ.  

 „ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენს კოალიციას და ხელისუფლებას თანაბარი შედეგები აქვთ. თუ სამართლიანი პირობები მოგვეცემა, მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,– წერს ივანიშვილი სტატიაში.

სავარაუდოდ, ივანიშვილი გულისხმობდა მასთან ასოცირებული ორგანიზაციის დაკვეთით და საკონსულტაციო და საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Penn Schoen Berland–ის მიერ ჩატარებულ კვლევას. ივლისის პირველ ნახევარში განხორციელებული ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულ იმ 1980 ამომრჩეველს შორის რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ 42%–მა მხარი „ქართულ ოცნებას“დაუჭირა, ხოლო 41%–მა – მმართველ პარტიას.

ივანიშვილის წინა განცხადებები მისი კოალიციის მხარდაჭერის შესახებ განსხვავდებობა ამ ბოლო განცხადებისგან. ერთი თვის წინ მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რეგიონების უმეტესობაში 60–დან 90%–მდე იყო და რამდენიმე დღეში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 90%–ს მიიღებდა.

 áƒáƒ¨áƒ¨–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა 43%–ით ლიდერობს, მას მოყვება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ 24%–ით; 19%–მა ან უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ მათ არ იციან რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს. კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4–22 ივნისს ჩაატარა, მმართველ პარტიას 36%–იანი მხარდაჭერა აქვს, რომლის რეიტინგიც თებერვლის კვლევის შემდეგ 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო „ქართულმა ოცნებას“ – 18%, რაც 8 პროცენტული პუნქტით მეტია თებერვლის კვლევასთან შედარებით. 16%–მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო 22%–მა განაცხადა, რომ მათ არ იციან რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ. მაჟორიტარი დეპუტატები გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი პრინციპით ირჩევიან იმ პირობით, რომ კანდიდატმა ხმების 30% მაინც უნდა დააგროვოს.

„ობიექტივთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების წინ არათანაბარი პირობების უზრუნველყოფის გზით ხელისუფლება ფაქტიურად უკვე აყალბებს არჩევნებს, „მაგრამ ეს ჩვენ შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს“.

„ჩვენ დიდი შედეგებით მოვიგებთ; ორ–მესამედს მე ტყუილად არ ვამბობ; ის 5%–მდე, რაც შეიძლება მათ გააყალბონ, რეალურად შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებას და დასძინა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ ასეთ არჩევნებს. როდესაც წამყვანმა ჰკითხა მას მოუწოდებდა თუ არა ის ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლები იმ მიზნით გამართავენ საპროტესტო აქციას, რათა დასავლელ პარტნიორებს გაყალბების მასშტაბი დაანახონ. 

„მე არასდროს არ მოვუწოდებ ქართველ ხალხს დაპირისპირებისკენ; ეს გამორიცხულია... ისინი [ხელისუფლება] ვერ გააფორმებენ [გაყალბებული არჩევნების შედეგებს]“, – დასძინა ივანიშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024