სააკაშვილი: „როცა აცხადებ, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო, შენ არ გიყვარს საქართველო“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'12 / 13:07

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ამბობენ, რომ ოთხი წლის წინ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი, „არ უყვართ საქართელო“.

მან ეს განცხადება 6 აგვისტოს შიდა ქართლის რეგიონის სოფელ კარალეთში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა, რუსეთთან ომის მეოთხე წლისთავამდე ერთი დღით ადრე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაისურებზე საუბრისას, რომლებიც წითელ და თეთრ ფერებშია, ნომერი ‘5’ და ‘მე მიყვარს საქართველო’ აწერია, სააკაშვილმა განაცხადა: „ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ამბობენ: ‘რატომ მიითვესეთ თქვენ ლოზუნგი ‘ჩვენ გვიყვარს საქართველო?’ ჩვენც გვიყვარს საქართველო.’ მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სიყვარული არც ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან თუნდაც პრეზიდენტის მონოპოლია და პირადი საკუთრება ვერანაირად ვერ იქნება. მაგრამ საქართველოს სიყვარულს აქვს კონკრეტული შინაარსი. როცა შენ ასევე აცხადებ, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო, შენ არ გიყვარს საქართველო; როცა შენ აცხადებ, რომ უნდა შეწყვიტო ლაპარაკი, რომ საქართველო ოკუპირებულია და აღარ უნდა შეახსენო ამის შესახებ, რაც მთელმა მსოფლიომ უკვე თქვა, შენ არ გიყვარს საქართველო“.

4 აგვისტოს, როდესაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კურორტ ბეშუმში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ ლოზუნგი ნაციონალური მოძრაობის მაისურებზე და ქუდებზე ხელისუფლებამ მიითვისა; მან მმართველი პარტიის ქუდი დაიხურა და განაცხადა: „საქართველო არ ეკუთვნით მხოლოდ მათ, საქართველო ყველასია“.

6 აგვისტოს კარალეთში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ ვერ შეცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, და ვერ მოახერხა საქართელოს მთავრობის და ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის შეცვლა. მისი თქმით, ომმა ნატოში გაწევრიანების პროცესიც ვერ შეაჩერა.       

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,  ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში და აუცილებლად შევალთ ნატოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024