სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ივანიშვილს დააბრუნოს 5.5 მილიონი ლარი საკუთარ საბანკო ანგარიშზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'12 / 16:48

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან წლის განმავლობაში ნაღდი ფულის სახით გამოტანილი თანხები უკან დააბრუნონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ 2012 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან „ბანკ ქართუში“ áƒœáƒáƒ¦áƒ“ი ფულის სახით გატანილი იქნა 2 918 500 აშშ დოლარი, 735.189 ლარი და 700 ევრო.

მისივე თქმით, კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში, საკუთარი ანგარიშებიდან 3 338 992 ლარი გაიტანა ნაღდი ფულის სახით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ვინაიდან ივანიშვილსაც და კალაძესაც  „საჯაროდ განცხადებული საარჩევნო მიზნები“ აქვთ, მათზე ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგი და სწორედ ამიტომ მათ მოეთხოვათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა ამ თანხით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ კალაძეს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.   

„[სახელმწიფო აუდიტის სამსახურის] მოთხოვნა, რომ დააბრუნონ პირებმა თავიანთი ანგარიშებიდან გატანილი თანხები, არის ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებული. არ არსებობს კანონი და არ არსებობს კანონის ნორმა რომელიც დაავალდებულებს პირს [ამის გაკეთებას]... აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა“, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.

Civil.Ge © 2001-2024