კალაძეს 16.9 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Aug.'12 / 19:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი ფეხბურთელის და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის 16,944,960 ლარით დაჯარიმების თაობაზე.

ამას გარდა, სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა კალაძის აქტივების, მათ შორის „კალა კაპიტალის“ დაყადაღების თაობაზე. ეს კომპანია, სხვა აქტივებთან ერთად, „პროგრეს ბანკში“ 78.21% აქციების მფლობელია. კალაძის დაყადაღებულ ქონებაში ასევე შედის სხვადასხვა ტიპის ცხრა, მათ შორის რამდენიმე უმაღლესი კლასის ავტომანქანა (როლს–როისის ჩათვლით). მისი ადვოკატის თქმით, დაყადაღებულ მანქანებს შორის ყველაზე ძვირადღირებული 200 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

ფინანსური ჯარიმა 3.33 მილიონი ლარის ხუთმაგ ოდენობას წარმოადგენს – აუდიტის სამსახურის თქმით, სწორედ ეს თანხა გამოიყენა კალაძემ უკანონოდ საკუთარი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის.

კალაძემ განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 10 აგვისტოს, რომ ის ამ თანხას არ გადაიხდის, ვინაიდან მას უკანონო არაფერი ჩაუდენია.

სასამართლოსთვის მიმართვამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალაძეს მიმართა წინადადებით, რომ მას 9 აგვისტომდე დაებრუნებინა საკუთარ ანგარიშზე 3.33 მილიონი ლარი ნაღდი ფულით, რომელიც მან მიმდინარე წელს გაიტანა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ კალაძემ უარი განაცხადა გამოტანილი თანხის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარედგინა, რამაც საფუძლიანი ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ფული პოლიტიკური საქმიანობისთვის იქნა გამოყენებული, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით. აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა უფლება კალაძისთვის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია მოეთხოვა, ვინაიდან ამჟამად ყოფილ ფეხბურთელს გაცხადებული საარჩევნო მიზნები აქვს. 

კალაძის ადვოკატმა განაცხადა სასამართლო მოსმენის დროს, რომ აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი კალაძისთვის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან მისთვის თანხის უკან ანგარიშზე დაბრუნება მოეთხოვა. ადვოკატის თქმით, მართალია კალაძემ განაცხადა, რომ ის სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში იყრს კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად, ის ჯერ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცენტრალ საარჩევნო კომისიაში.  მისმა ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ 3.33 მილიონი ლარიდან, კალაძემ 214 000 ლარი საკუთარი მოხმარების მიზნით გაანაღდა, ხოლო დანარჩენი თანხა ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარ მამას, კარლო კალაძეს აჩუქა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ „კომიკურია“, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალაძეს თანხის საკუთარ საბანკო ანგარიშზე დაბრუნება მოსთხოვა, ვინაიდან იმ დროს კალაძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებული იყო ხელისუფლების მიერ და იგი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას.

ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ კალაძეს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. 

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ასევე უთხრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაებრუნებინა 2012 წლის განმავლობაში პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი 2 918 500 აშშ დოლარი, 735 189 ლარი და 700 ევრო.

„არ არსებობს კანონი და არ არსებობს კანონის ნორმა რომელიც დაავალდებულებს პირს ამის გაკეთებას... აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა“, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.

ჯერჯერობით უცნობია მიმართავს, თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანალოგიურ ქმედებას ივანიშვილთან დაკავშირებით და მოსთხოვს თუ არა სასამართლოს ივანიშვილის დაჯარიმებას სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით.

ივანიშვილის შემთხვევაში საკუთარი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხის საერთო ოდენობა 5.5 მილიონ ლარზე მეტია და საქმის სასამართლოში აღძვრის შემთხვევაში ივანიშვილს შესაძლოა 55.2 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს.

ჯარიმის ამ ოდენობის დაანგარიშება კანონის შესაბამისი პუნქტის ფარგლებში ხდება, რომლის თანახმადაც  ფინანსური ჯარიმა სადავო თანხის ხუთმაგ ოდენობას უნდა შეადგენდეს (რაც 27,607,645 ლარის შეადგენს), ხოლო თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერთი და იგივე პირი კანონს არღვევს, მაშინ თანხის ოდენობა უნდა გაორმაგდეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში 27.6 მილიონი ლარი).

ივანიშვილი უკვე დაჯარიმდა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის გამო; ივნისში მას 74.32 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის გადახდაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, რასაც საქართველოში მისი საბანკო აქტივების დაყადაღება მოყვა. ივლისში მან „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი (დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი) და განაცხადა, რომ მან ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გააკეთა.

Civil.Ge © 2001-2024