რუსთავში 19 აგვისტოს გამართული კამპანიის აქციის დროს ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურობისკენ და საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია, ეს გადამწყვეტი დღეა და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს“,– განუცხადა მან აქციაზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს. თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის მუქარით საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხელისუფლების მიერ „არჩევნების გაყალბების“ პროცესში არიან „ჩათრეული“. მან ასევე აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა“. „სამსახურის დაკარგვის შიში, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ გამოდგება გამართლებად“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ არჩევნების გაყალბება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ფულის გაყალბება. „ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი არჩევნების გამყალბებელს ისევე მოექცევა, როგორც ფულის გამყალბებელს“ „ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“,– აღნიშნა მან. თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეცვლის დანაშაულთა შეკრებითობის არსებული ნორმას. |
|||
Civil.Ge © 2001-2025