TAV–ს თბილისის აეროპორტის მართვა 65 მლნ აშშ დოლარის დაგეგმილი ინვესტიციების სანაცვლოდ გაუხანგრძლივდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'12 / 14:43

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს იმ ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციაში, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება, áƒ“ა ამის სანაცვლოდ აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

TAV Airports Holding–მა, რომელიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Urban Georgia–ს 76% წილის áƒ›áƒ”საკუთრეა,  შეთანხმებას მიაღწია სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ რეკონსტრუქცია ჩაუტაროს აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენი ორი ბილიკიდან იმ ერთს რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება.

24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში TAV Airports Holding–ი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო ინვესტიციების სანაცვლოდ TAV Urban Georgia–ს მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდება.

კომპანიის ცნობით, ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ინვესტიციების მიღება 2012 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო პროექტის დასრულება ორ წელზე ნაკლებ პერიოდშია ნავარაუდევი.

TAV–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან მართავს. 2007 წლის მაისიდან ამ კომპანიის 20–წლიანი მართვის ქვეშ არის ასევე ბათუმის აეროპორტი.

Civil.Ge © 2001-2024