ქართული ძალები "შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას" ატარებენ რუსეთის საზღვართან ახლოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Aug.'12 / 13:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, კახეთის რეგიონში აღმოჩენილი დაუდგენელი „შეიარაღებული ჯგუფის“ დევნის ოპერაციას ახორციელებს. 

მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს პოლიციის "პიკაპები" და სატვირთო მანქანები, რომლებსაც ოთხშაბათს ღამით გადაჰყავდათ ძალები თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, რომელიც საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს მდებარეობს; ამ ტერიტორიის თავზე ასევე დაფრინავდა ვერტმფრენიც.

„საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია“, – ნათქვამია შსს–ის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

„შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული“, – აცხადებს შსს.

სამინისტრომ ასევე გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს თელავში პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეხვედრა შს მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან, თავდაცვის მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან, იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან.

28 აგვისტოს დილით ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ხუთი ახალგაზრდა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული. მოგვიანებით იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთივე მათგანი იპოვეს და დასაკითხად áƒžáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ მიიყვანეს.

ოთხშაბათს 12:17 საათზე „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ „ოპერაცია უკავშირდება მძევალთა გათავისუფლებას“ და მიმართულია „დივერსანტთა ჯგუფის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, დაღესტნიდან გადმოვიდა. 

„რუსთავი 2“–ის ცნობით, იმ ხუთი ახალგაზრდას გარდა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაკარგულები, „დივერსანტთა ჯგუფმა“ მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა –  „საუბარია 2–3 კაციან მძევალთა ჯგუფებზე“. 

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი და ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარე ოპერაცია სწორედ მესამე მძევალთა ჯგუფის გათავისუფლების ოპერაციას უკავშირდება“, – განაცხადა „რუსთავი 2“–მა.

ტელეკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ „ერთ–ერთი დივერსანტი ადგილზე ლიკვიდირებული იქნა“.

Civil.Ge © 2001-2024