შსს: შეტაკებას 3 ქართველი ძალოვანი, 11 ‘დივერსანტი’ ემსხვერპლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Aug.'12 / 16:00

სამი ქართველი ძალოვანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა „დივერსანტთა“ შეიარაღებულ ჯგუფთან შეტაკების დროს კახეთის რეგიონში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მიმდინარე ოპერაციის დროს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში, რომელიც 29 აგვისტოს დღის 4 საათისთვის გამოაქვეყნა.

ორი გარდაცვლილი შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, ხოლო ერთი თავდაცვის სამინისტროს
სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი იყო.

„ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი“, – განაცხადა შსს–მ.

„ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ „რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ მიმდინარეობდა „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეიარაღებული ჯგუფის გასანეიტრალებლად.

მისი თქმით, შსს ბოლო სამი დღის განმავლობაში ახორციელებდა მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების ოპერაციას.

შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მძევალი უვნებლად იქნა გათავისუფლებული.

28 აგვისტოს დილით ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ხუთი ახალგაზრდა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული. მოგვიანებით იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთივე მათგანი იპოვეს და დასაკითხად პოლიციაში მიიყვანეს. იმ დროისათვის სხვა დეტალები არ იყო ცნობილი.

თელავის რაიონის სოფელი ლაფანყური, დაახლოებით, 20 კმ–მდე მანძილით არის დაშორებული საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან.

28 აგვისტოს საღამოს პირველი ინფორმაცია გავრცელდა ქართული ძალების საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთისკენ სოფელ ლაფანყურის გავლით გადაადგილების თაობაზე.

პოლიციის "პიკაპებსა" და სატვირთო მანქანებს ოთხშაბათს ღამით გადაჰყავდათ ძალები ლაფანყურის გავლით. áƒáƒ› ტერიტორიის თავზე ასევე დაფრინავდა ვერტმფრენიც.

28 აგვისტოს გვიან საღამოს შსს–მ გაავრცელა მოკლე განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი“.

ოთხშაბათს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მის ქვედანაყოფებს „ბლოკირებული“ აქვთ ხეობა და ახორციელებენ „დევნის ოპერაციას“.

29 აგვისტოს 13 საათის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში შსს–მ ოპერაციას „ანტიტერორისტული“ უწოდა.

„რუსთავი 2“–მა და „იმედმა“, პროსახელისუფლებო ორმა ნაციონალურმა არხმა, განაცხადეს 29 აგვისტოს, რომ შეიარაღებული დაჯგუფება სავარაუდოდ დაღესტნიდან გადმოვიდა საქართველოში და ლაფანყურის ხუთი მკვიდრის გარდა, სხვა პირებიც áƒáƒ˜áƒ§áƒ•áƒáƒœáƒ მძევლად. „მძევლების“ რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Civil.Ge © 2001-2024