ბაქრაძე: საქართველო დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Aug.'12 / 18:37

პარლამენტის თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ქართული ძალების მიერ კახეთში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ  საქართველო დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში.

„ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად იმიტომ, რომ დღეს განსხვავებით ათი წლის წინანდელისგან, განსხვავებით იმისგან, სადაც უნდათ ზოგიერთ ჯგუფებს ჩვენი მიბრუნება, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შეიარაღებული ძალები, პოლიცია, ხელისუფლება და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში“, – განაცხადა მან სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა რა „ზოგიერთ ჯგუფებში“ მთავარი საარჩევნო კონკურენტის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია, რომელზეც ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ მას ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს.

„რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მოსახლეობას შეუძლიათ იყვნენ მშვიდად – ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას“, – დასძინა ბაქრაძემ.

ოთხშაბათს ღამით კახეთში დაწყებულ ოპერაციას, რომელსაც ხელისუფლებამ დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის დევნისა და ასევე "ანტიტერორისტული" ოპერაცია უწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი სპეცრაზმელი და თავდაცვის áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ¡ სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი ემსხვერპლა. ხუთი ქართველი ძალოვანი დაჭრილია, რომლებიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულები არიან და ოფიციალური ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს–მ განაცხადა, რომ „დივერსანტების“ მიერ აყვანილი მძევლები შეიარაღებული შეტაკების შედეგად გაათავისუფლა, რის შედეგადაც 11 „დივერსანტია“ მოკლული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ალყაში მოქცეული შეიარაღებული ჯგუფის 6 წევრის დაკავების ღონისძიება.     

 

Civil.Ge © 2001-2024