ბოკერიას თქმით, შეიარაღებული შეტაკება რუსეთის საზღვართან საქართველოს უსაფრთხოებას არ ემუქრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Aug.'12 / 12:35

ქართულ ძალებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის რუსეთის საზღვრის სიახლოვეს შეტაკების „სერიოზული ინციდენტი“ საქართველოს უსაფრთხოებას არ ემუქრება და რუსეთის მიერ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი „აგრესიის“ საბაბად, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ოთხშაბათს საღამოს.

მან „რუსთავი 2“–თან ჩართვის დროს განაცხადა, რომ თბილისმა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით აცნობა მოსკოვს კახეთის რეგიონში, ქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის შესახებ. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაწყვეტილია და áƒ™áƒáƒœáƒ¢áƒáƒ¥áƒ¢áƒ”ბი, ძირითადად, შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით მყარდება.

„არანაირი საბაბიც კი აბსოლუტურად, „ზღაპრულიც“ კი, რუსეთის ფედერაციას დღეს არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე  მოქმედებების ჩასატარებლად... დღევანდელი ვითარება  ვერ გამოდგება აგრესიისთვის“, – უპასუხა ბოკერიამ, როცა კითხეს რამდენად შესაძლებელი იყო რუსეთს ინციდენტი „მორიგი ანტიტერორისტული პროვოკაციისთვის“ გამოეყენებინა.

მისი თქმით, „არანაირი საფრთხე საერთოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და ზოგადად უსაფრთხოებას არ ემუქრება“ ამ კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარე, რომლის დროსაც სამი ქართველი ძალოვანი და დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა 29 აგვისტოს მომხდარი შეტაკების შედეგად.

ბოკერიამ ასევე განაცხადა 9–საათიან „კურიერში“ ჩართვისას, რომ შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილი წევრები, გავრცელებული ინფორმაციით ექვსი ადამიანი, ქართველი სამართალდამცავების მიერ იყვნენ „ლოკალიზებულები“ და მათ წინააღმდეგ ოპერაცია კვლავ გრძელდებოდა.

მას არ უთქვამს, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადმოვიდა, თუმცა განაცხადა, რომ „ბუნებრივია“ არსებობდეს ვერსია იმის შესახებ, რომ ინციდენტი და საქართველოში შეიარაღებული ჯგუფის ყოფნა კავშირში იყოს დაღესტანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის ისლამისტების გახშირებულ თავდასხმებთან სამართალდამცავებზე. 28 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა გავლენიანი სულიერი ლიდერი მოკლა დაღესტანში.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ დავადასტურებთ და არ ვაპირებთ რაიმეს მტკიცებას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ამ წყაროებზე დაყრდნობის გარეშეც კი, ყველასათვის ნათელია, რომ ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება და ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის ამ რეგიონებში, კერძოდ ამ ბოლო რამოდენიმე დღეში დაღესტანში, აშკარად კავშირში არის ამასთან. ამაზე უფრო მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ფსბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილემ ვადიმ შიბაევმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები არ დაფიქსირებულა და áƒ‘რალდებები, თითქოს შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან მოხვდა, „პროვოკაციულია“.

ბოკერიას თქმით, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურების მიერ საზღვრის დარღვევის უარყოფა „არასერიოზულია“ იმ პირობებში, რომ არსებული რთული რელიეფის გამო შეუძლებელია საზღვრის ტოტალური კონტროლი და „მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ტრიალებს დღეს დაღესტანში“.

Civil.Ge © 2001-2024