ქართველი ძალოვანები მსხვერპლიანი შეტაკების შემდეგ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს რჩებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Aug.'12 / 13:15

ქართული ძალები კახეთის რეგიონში, რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს რჩებიან, სადაც 29 აგვისტოს მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, ოფიციალური ცნობებით, სამი ქართველი ძალოვანი და მათი 11 მოწინააღმდეგე ემსხვერპლა.

უკანასკნელი ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, დაახლოებით, დღის 4 საათისკენ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ექვსი დივერსანტი „ალყაში“ იყო მოქცეული და მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილი წევრები „ლოკალიზებულები“ იყვნენ.

პოლიციის „პიკაპები“ და სატვირთო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში შედიოდნენ და ტოვებდნენ ტერიტორიას.

შეტაკების ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი თელავის რაიონის სოფელი ლაფანყურია, რომელიც დაახლოებით, 20 კმ–მდე მანძილით არის დაშორებული საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან. სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები ლაფანყურში იმყოფებიან, რადგან ხეობისკენ გადაადგილებას პოლიცია კრძალავს.

საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ არ ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში რუსეთიდან მოხვდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, არაპირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს ჯგუფი სავარაუდოდ დაღესტნიდან შემოვიდა.

ისლამისტ მეამბოხეთა დაღესტნის წარმომადგენლობის ვებ–გვერდზე, vdagestan.info–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „დაღესტნის ვილაიეთის მუჯაჰიდთა ხელმძღვანელობა ადასტურებს“, რომ მისი მებრძოლები მონაწილეობდნენ შეტაკებაში. áƒ’ანცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მებრძოლები არ აპირებდნენ “საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის წარმოებას“.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მებრძოლებს არავინ აუყვანიათ მძევლად. „ეს ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილია“, – ნათქვამია მასში.

ამავე განცხადების თანახმად, შეტაკებისას დაღუპული 11 მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების „მუხანათური ღალატის“ მსხვერპლია. განცხადება მოუწოდებს „მუჯაჰიდთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლის შეწყვეტისკენ“.

Civil.Ge © 2001-2024