საქართველოს თქმით, 'სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Aug.'12 / 13:53

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართულ ძალებთან „დივერსანტთა ჯგუფის" შეტაკებისას მოკლული 11 წევრის გვამი ნაპოვნია და „მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან“.

„გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად“, – ნათქვამია შსს–ის მიერ 30 აგვისტოს გავრცელებულ ახალ განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ „ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია“, თუმცა სავარაუდოდ, 20  შეიარაღებული პირისგან შემდგარი „დივერსანტთა ჯგუფის“ დარჩენილი წევრების ძებნა გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი  შეიძლება იმალებოდეს ხეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ „პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს“.

„ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – აცხადებს შსს. 

პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც კრიზისის მართვის შტაბს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „ოპერაცია ძირითადში დასრულდა“.

„ჩვენ მოვახერხეთ და უზუნველვყავით საქართველოს საზღვრების დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა მერაბიშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ის „ადევნებს თვალს საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე მოვლენებს“.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთ–საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან სპეციალურ ოპერაციაზე ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა. ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით მისია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მწუხარებას გამოთქვამს ოპერაციის შედეგად სამი ქართველი სამართალდამცავის გარდაცვალების გამო.

ისლამისტ მეამბოხეთა დაღესტნის წარმომადგენლობის ვებ–გვერდზე, vdagestan.info–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „დაღესტნის ვილაიეთის მუჯაჰიდთა ხელმძღვანელობა ადასტურებს“, რომ მისი მებრძოლები მონაწილეობდნენ შეტაკებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მებრძოლები არ აპირებდნენ “საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის წარმოებას“.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მებრძოლებს არავინ აუყვანიათ მძევლად. „ეს ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილია“, – ნათქვამია მასში.

ამავე განცხადების თანახმად, შეტაკებისას დაღუპული 11 მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების „მუხანათური ღალატის“ მსხვერპლია. განცხადება მოუწოდებს „მუჯაჰიდთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლის შეწყვეტისკენ“.

 

Civil.Ge © 2001-2024