კახი კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Aug.'12 / 16:34

ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო 2011 წლის დეკემბრამდე, ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელდა.

კალაძე, რომელმაც იტალიური მილანის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, პოლიტიკაში ახალი სახეა და წარმოადგენს ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ერთ–ერთია იმ ექვს პარტიას შორის, რომელსაც ივანიშვილის კოალიცია აერთიანებს.

ივანიშვილმა 31 აგვისტოს საარჩევნო სიის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მართალია კალაძე ლიდერობს სიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

კალაძე იმავდროულად სამტრედის ოლქში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიცაა. 

თავად ივანიშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატად კენჭს არ იყრის. მისი თქმით, 200–კაციანი სიის თითქმის ნახევარი მისი პარტიის წევრია.

სიის სათავეში არიან ასევე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები.

მეორე ნომერია მანანა კობახიძე, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და საჩხერის მაჟორიტარი კანდიდატი; მას მოჰყვება ირაკლი ალასანია, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ზუგდიდში მაჟორიტარი კანდიდატი; შემდეგ დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, საბურთალოზე მაჟორიტარი კანდიდატი; გოგი თოფაძე, მრეწველთა ლიდერი; გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმიდან, რომელიც მაჟორიტარად იყრის კენჭს ქუთაისში; ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მაჟორიტარი კანდიდატი რუსთავის ოლქში.

ათეულის ბოლო ადგილებს ინაწილებენ აკადემიკოსი ივანე კიღურაძე; კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, რომელიც კოალიციაში ახალი მემარჯვენეებიდან გადავიდა და ივანიშვილის პარტიის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა.

კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი, რომელიც თებერვალში კოალიციის ფორმირებისთანავე ინდივიდუალურად შედის áƒ›áƒ˜áƒ¡ შემადგენლობაში, სიაში მე–11 ნომერია.

სიის მომდევნო ორი კანდიდატი არიან გია ჟორჟოლიანი, სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი და გია გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი – არცერთი ეს პარტია კოალიციის შემადგენლობაში არ შედის. 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის გარეთ დარჩენილი პარტიების ლიდერების სიაში ჩაწერა იმის მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნება“ ცდილობს ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლოს.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიასა და ნიდერლანდებში, მაია ფანჯიკიძე მეთოთხმეტეა კოალიციის სიაში.

77 მანდატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით იმ პარტიების ან ბლოკების სიებს შორის განაწილდება, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ; ხოლო დარჩენილი 73 ადგილი მიეკუთვნება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებს.

ის კანდიდატები, რომლებიც სიაშიც არიან და იმავდროულად მაჟორიტარულ არჩევნებშიც ცდიან ბედს, გამარჯვების შემთხვევაში მაჟორიტარული წესით ხვდებიან საკანონმდებლო ორგანოში, ხოლო პარტიული სიით მიღებულ მათ მანდატს სიაში მომდევნო კანდიდატი იღებს.

პარტიული სიის თავში მოხვედრილ დეპუტატობის კანდიდატებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოხვდნენ პარლამენტში, თუ მათი პარტია ან ბლოკი 5%–იან ბარიერს გადალახავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია და ბლოკი პარლამენტში ავტომატურად გაიყვანს ექვს დეპუტატს, თუ 5%–იან ბარიერს გადალახავს. შესაძლოა პარტიის მიერ მიღებული ხმათა 5% საკმარისი იყოს მხოლოდ ერთი ან ორი დეპუტატის გასაყვანად, თუმცა ეს პარტია ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ექვს მანდატს მიიღებს იმ პარტიებისთვის ადგილების მოკლების ხარჯზე, რომელთაც უკეთესი შედეგი აჩვენეს. ეს ნიშნავს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა ავტომატურად ნიშნავს პარლამენტში ფრაქციის შექმნას, რასაც სწორედ ექვსი დეპუტატის ერთობა სჭირდება.

მმართველ პარტიას თავისი სია ჯერ კიდევ წარსადგენი აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჩაუდგება.

პარტიული სიების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 1 სექტემბერს იწურება.

Civil.Ge © 2001-2021