NDI–ის წინასაარჩევნო შეფასებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Sep.'12 / 17:26

ნაციონალური მოძრაობისა და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის რიტორიკა, რომლითაც ეს ორი უდიდესი და უმდიდრესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთს საქართველოსთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ, ზრდის პოლარიზაციას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, განაცხადა აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI).

სამმა ანალიტიკოსმა, რომლებიც NDI-ის გრძელვადიან წინასაარჩევნო მისიას ახორციელებენ, ორშაბათს შეფასებების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

„ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად მაშინ, როდესაც მთავრობა ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და მიუკერძოებლად აღასრულოს, ხოლო ოპოზიცია ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, „მონაწილე მხარეების ქმედებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით ორივე მხარე დროდადრო ცდილობს ამ პასუხისმგებლობებს თავი აარიდოს“.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლის ტიპის დასახლებებში მომხდარი  ძალადობრივი ინციდენტები ხელს უწყობს იმ აზრის დამკვირდებას, რომ „ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ან საარჩევნო ოპონენტი“.

„ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს მტრობა და მოახდინოს ძალადობის პრევენცია, ხოლო ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს კანონის თანაბარი აღსრულება და კანონდამრღვევთა დასჯა“, – აცხადებს NDI თავის შუალედურ ანგარიშში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ „რჩება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ „ოპოზიციური პარტიები თუ სამოქალაქო საზოგადოების რიგი წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის უნარს, შეინარჩუნოს ნეიტრალური როლი“.

ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ცესკოს ნეიტრალურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები წარმოშვა“ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ნომრის მინიჭების ირგვლივ დავამ. „ქართულ ოცნებას“ თავდაპირველად გაცხადებული 7–ის ნაცვლად, ბიულეტენში უკანასკნელი საარჩევნო ნომერი  – 41 ექნება. 

NDI–ის თქმით, ოპოზიციური პარტიები მუდმივად აღწერენ შემთხვევებს, სადაც ოპოზიციური პარტიის ღიად მხარდაჭერისთვის მოქალაქეები კარგავენ სოციალურ შემწეობას, პენსიას, ხდება მათი შევიწროება ან ბიზნესის დაჯარიმება.

„ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები ფართოდ გავრცელებული გადაცდომების შესახებ დაუსაბუთებელ ბრალდებებში გადადის, რთულია განასხვავო, მოყვანილი მაგალითები მიმდინარე საარჩევნო ციკლიდან არის, თუ წარსულის გამოცდილებას ემყარება“, – ნათქვამია ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2025