მერაბიშვილი ბრიუსელს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Sep.'12 / 18:22

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბრიუსელს სტუმრობს, სადაც მას თან ახლავს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე.

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. დაგეგმილია ასევე მერაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოთხდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბაქრაძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ–ის სენატსა და კონგრესში, სადაც ძირითადი განსახილველი თემები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.

Civil.Ge © 2001-2024