ცესკო: უცხოეთში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 42 613 შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Sep.'12 / 19:42

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა საზღვარგარეთ 42 613 შეადგენს, საიდანაც უმეტესობა საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირია, ხოლო 10 სექტემბრის მდგომარეობით 1 409 ამომრჩეველმა გაიარა სპეციალური საარჩევნო რეგისტრაცია.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად შესაძლოა უცხოეთში მცხოვრებმა 42 613–ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან უცხო ქვეყნებში გახსნილ უბნებზე საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 13 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

ცესკოს ცნობით, მან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების სულ 54 963–კაციანი სია მიიღო 11 სექტემბერს, თუმცა ამ რაოდენობას აკლდება ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე 20–ზე ნაკლები ამომრჩეველი იმყოფება; და ასევე ისინი, ვინც 2012 წლის ივნისის შემდეგ იმყოფებიან საქართველოში.

სულ საზღვარგარეთ 40 საარჩევნო უბანია გახსნილი 32 ქვეყნის 38 ქალაქში. მათ შორის არ არის რუსეთი, სადაც მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ – ხელისუფლებამ მისი ეს გადაწყვეტილება „ტექნიკური პრობლემებით“ ახსნა.

Civil.Ge © 2001-2024