სააკაშვილი „რუსული კომპრომატების ომზე“ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'12 / 20:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპანტს „რუსული კომპრომატების ომით“ სურს არჩევნების გამოყენებით დააბრუნოს ქვეყანა „რუსეთის იმპერიულ სივრცეში“.

„მე ყველაზე ნაკლებ წინა დღეებში მაღელვებდა და მაინტერესებდა პოლიტიკა, მაგრამ არც სირაქლემა არ ვარ, რომ თავის დავმალო ქვიშაში და ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება საქართველოსთვის იმ პირობებში, როცა შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები და რუსეთის არმია არის ჩვენ საზღვრებთან  აურაცხელი რაოდენობით და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს. და იმ პირობებში, როცა დაფიცებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტს, რომ  2008 წელს ვერ დამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებში და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება“, – განაცხადა სააკაშვილმა 21 სექტემბერს.

ციხეში პატიმართა ცემის და გაუპატიურების ფაქტებს, რაზეც, მისი თქმით, ყველამ ნახა „21–ე საუკუნის დემოკრატიული მთავრობის პასუხი“, საგანგებოდ ინახავდნენ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა „შოკის ქვეშ გააკეთებინონ იმპულსური გადაწყვეტილება“.

პირველმა არადამიანური მოპყრობის áƒáƒ›áƒ¡áƒáƒ®áƒ•áƒ”ლი ვიდეო–მასალა áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს შსს–მ 18 სექტემბერს გამოაქვეყნა, რასაც იმავე დღეს მოჰყვა სხვა ვიდეოების გავრცელება ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მეშვეობით.

„ჩვენ ყველამ განვიცადეთ შოკი წინა დღეებში, მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის დაფიქრების და თვალების ფართოდ გახელის დრო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„როცა ახალგაზრდა ადამიანი აღშფოთებულია იმითი, რაც ტელევიზიით იხილა, მე ამ ადამიანების ბოლომდე მესმის და კიდევ კარგი, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს“, – განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა სტუდენტების გამოსვლები, რომელიც გასული ორი დღის განმავლობაში იმართებოდა, რის ფონზეც შსს მინისტრის ბაჩო ახალაია გადადგა.

„მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ვინც ამაში ფული გადაიხადა ან ვინც ამაზე თვალი დახუჭა, არ შეიძლება რომ იმან თავისი დივიდენდები დაიწეროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, "ქართული ოცნების" ლიდერს áƒ‘იძინა ივანიშვილს გულისხმობდა, თუმცა áƒ¢áƒ áƒáƒ“იციულად მისი სახელი არ უხსენებია.   

„მე კიდე მინდა ვკითხო ჩვენს ხალხს, რომელიც ახლა გვისმენს: ვის უფრო ენდობით თქვენ? ვინ უკეთესად დაიცავს თქვენ უფლებებს?... ტუღუში, ზღულაძე თუ თამაზაშვილი? ვინ უფრო უკეთესად წაიყვანს საქართველოს წინ? ის, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავუწვეთ ჩვენს დამპყრობელს; ვისაც აღიზიანებს შუშის შენობები; ვისაც უნდა ამ [რიყეზე შუშის] ხიდის დანგრევა; ვისაც უნდა ქუთაისში პარლამენტის მოშლა თუ ის ხალხი, ვინც ყველაფერი ეს შექმნა იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ახალი სახელმწიფო აპარატი, ყველა რეგიონი განვითარებულიყო და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა წინ?“

„ვინ უფრო კარგად იქნება დემოკრატიული მთავრობის მომხრე? ის, ვინც ყველანაირი ბინძური მეთოდებით იბრძვის ხელისუფლებისთვის; არ არის არაფერი, რაზეც უკან დაიხევს; არ არის არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეურაცხყოფას არ მიაყენებს; დღე და ღამე ფიქრობს იმაზე, როგორ მოახდინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირება და ძირის გამოთხრა თუ ის ხალხი, ვინც აშენებს ამ ინსტიტუტებს... და ვინც აპირებს ამ მშენებლობის ბევრად უფრო მასშტაბით გაშლას?“

„მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება, თუ რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს ჩვენი საამაყო საზოგადოება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ამას გააკეთებს გამჭირვალეობის, თავისუფლების პირობებში და არა მანიპულაციების, დაშინების და სხვადასხვა პროვოკაციების ფონზე იმისათვის, რომ ადამიანებს თავგზა აუბნიონ და გადაიყვანონ მთავარი თემებიდან და მთავარი საკითხებიდან და ამგვარად, ბოლოს და ბოლოს წაგვართვან სხვადასხვა მოვლენების გამო მთავარი პერსპექტივის განცდა", – განაცხადა მან.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები არ არის იზოლირებული ფაქტები და უკავშირდება „ორგანიზებული დანაშაულის“ და „ქართული მაფიის“ მზადებას არჩევნებისთვის.

„ეს არის მათი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ ხალხს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ასევე იმაზე რა შეთქმულებებია და რა მეთოდებით აპირებენ საქართველოს რელსებიდან გადაყვანას და ისევ ჩიხში შეყვანას“.

„არის ხალხი, ვინ უდგება თავის  თანამოქალაქეებს, როგორც მონებს, როგორც მსახურებს, როგორც პლებეებს, უყურებს ზემოდან ქვემოთ, მაგრამ მაგრამ ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა და ვერანაირი მანიპულაციებით, ვერანაირი რუსული ბინძური მეთოდებით, მოდი გახნილად ვილაპარაკოთ –რუსული ბინძური მეთოდებით, ამას უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს", – აღნიშნა მან. 

ეს განცხადებები სააკაშვილმა თბილისში იუსტიციის სახლის ახალი დიდი შენობის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა, რომელსაც მან „ჩემი ოცნების სახლი“ უწოდა.

„ეს შენობა განასახიერებს ახალ საქართველოს, რომელსაც ვერანაირი პროვოკაციები, ვერანაირი სიბინძურე, ვერანაირი მანიპულაციები და ვერანაირი მილიარდობით შემოდენილი ფული და ვერანაირი საზღვრებთან მომდგარი პოტენციურ დამპყრობელთა და მოქმედ დამპყრობელთა არმია ვეღარ დაანგრევს და ვეღარ შეცვლის“, – განაცხადა მან.

„საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაგრძო სააკაშვილმა, „ბნელეთის ძალები ერთხელ და სამუდამოდ  ჩამოგვშორდებიან. იმიტომ, რომ მათი ადგილი, მათი იდეების ადგილი, მათი მსოფლმხედველობის ადგილი, მათი პრაქტიკის ადგილი ან უნდა ფუნდამენტურად შეიცვალოს, ან ახალ სისტემებში, ახალ ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, ვეღარასოდეს იქნება წამყვანი და გადამწყვეტი“.

ერთი კვირის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდებდა.
  

 

Civil.Ge © 2001-2024