ივანიშვილმა ციხის სკანდალის ფონზე სიმშვიდისკენ მოუწოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Sep.'12 / 18:58

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის „დანაშაულებრივი რეჟიმის დღეები უკვე დათვლილია“ და თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საბაბი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასაშლელად.

ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლის დასაწყისში ივანიშვილმა ყურადღება პატიმართა წამების სკანდალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ამით „საბოლოოდ დავინახეთ სააკაშვილის რეჟიმის სახე“.

„დღეს მე მივმართავ აღშფოთებისგან ყალყზე შემდგარ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენ შეურაცხყოფილ ხალხს... მე მოგიწოდებთ სიდინჯისაკენ, სიმშვიდისაკენ, მაგრამ არა ამ დანაშაულის დავიწყებისაკენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ის, რომ ორი მინისტრი გადადგა, მათ შორის ერთი ბაჩო ახალაიაა. ახალაიების კლანს ბზარი გაუჩნდა. ბზარი გაუჩნდა სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს კარგად იციან ჩვენმა ახალგაზრდებმა და ბაჩო ახალაიას გასამართლებას მოითხოვენ“.

„ამათი პასუხისგების დღე მოახლოვდა", – განაცხადა ივანიშვილმა, "1 ოქტომბერი იქნება რეალური პასუხისმგებლობის დღე იცოდეთ. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ, ეშინიათ იმიტომ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ მათ კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება და რადგან ამ დღის ცეცხლივით ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ, რომ ხალხის აღშფოთება ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და მათ თავისი ხელით ჩააშლევინონ არჩევნები. მათ არჩევნების ეშინიათ, რადგან არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ხალხის გახდება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყება“, 

„მათ კანონის ეშინიათ“, – განაგრძო მან, „ამიტომ უნდათ, რომ უკანონობა ხალხს ჩაადენინონ და რაიმე საბაბით არჩევნები დანიშნულ დღეს შეუძლებლად გამოაცხადონ“.

„ამიტომ მოვიკრიფოთ კეთილგონიერება, შევიკავოთ თავი არჩევნებამდე და შემდეგ სამართლიანი, კანონიერი ძალით ვაგებინებთ ამ დამნაშავეებს პასუხს. აი ამას გპირდებით მე“ – განაცხადა მან. 

„თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მეტი საშინელება არ აქვთ ამათ ჩადენილი? ხალხნო, ჩვენ რაც ვნახეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია, მათი ურიცხვი, უმძიმესი დანაშაულების“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ესენი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ. აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო დაუნდობლობას და ძალადობას შეეძლო მათი უსაზღვრო ძალაუფლების და კეთილდღეობის მოტანა. ის რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე“.

მან განაცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ ზუგდიდში იგრძნობა ყველაზე მძაფრად“.

„სწორედ აქ ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირებისა და უსამართლობის განსახიერება – ზუგდიდის ციხე. ეს ციხე ნესტიანია და ბინძური, იქ ადამიანებს აწამებენ, ეს ციხე თითქოს იმისთვის დგას, რომ ვინც გაბედავს და სააკაშვილის რეჟიმს და აქაურობაზე გაბატონებულ ერთ ოჯახს – ახალაიების ოჯახს – áƒ“აუპირისპირდება ახსოვდეს, რომ ამ ციხეში ჯოჯოხეთი ელოდება“, – განაცხადა მან.

ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, რომელიც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი იყო, მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ზუგდიდში. ახალაიას ძმა, დათა, თავდაცვის მინისტრის მოადგილეა ივლისიდან, მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ზუგდიდში, განაცხადა: „მოვითხოვთ, ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილია, დაწყებული ქვეყნის პირველი პირით და დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელით, ყველა უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში“.

„მთავარი იარაღი, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ხელში გვაქვს, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, რომელსაც 1 ოქტომბერს გამოვიყენებთ და წერტილს დავუსვამთ ამ დამნაშავე რეჟიმს, მანამდე მოთმინებით, გეგმით მივალთ“, – განუცხადა ალასანიამ მხარდამჭერებს ზუგდიდის აქციაზე გამოსვლისას.

იმავე აქციაზე საუბრისას ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „ახლა მაინც ხომ საბოლოოდ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი, აქაური დემოკრატიის შუქურა. ახლა ხომ მაინც დარწმუნდება, რომ ამ ქვეყანას ჯალათი მართავს“.

„სინათლე აგვინთო, გზები დაგვიგო და დასავლეთისკენ გაგვიღო კარიო, რომ ამბობდნენ სააკაშვილის მომხრეები, ხომ ნახეს, რომ სინათლე და გზები კი არა, წამება მოიტანა, ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა“, – განაცხადა მან.

„ხალხნო, უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ მისი ყოველი მომხრე, თითოეული ადამიანი, რომელიც კიდევ რაიმე გამართლებას მოუძებნის სააკაშვილს, თვითონ იქნება უსასტიკესი დანაშაულის მონაწილე. ამის შემდეგ ვინც ამ ჯალათებს ოდნავ მაინც გაამართლებს, თვითონ იქნება ჯალათი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან სააკაშვილის მომხრეებს მიმართა: „ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება აღარ უწერია. დადექით სიკეთის მხარეს და გაემიჯნეთ ძალადობას... გაემიჯნეთ, სანამ დროა“. 

Civil.Ge © 2001-2024