არჩევნების მოახლოებასთან ერთად ახალი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოქვეყნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Sep.'12 / 12:04

მორიგი ფარულად ჩაწერილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რაც სავარაუდოდ ოპონენტების ურთიერთდისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ჩანაწერებს შორის რამდენიმე აუდიო ჩანაწერიც იყო, სადაც სავარაუდოდ ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერების საუბარი იყო ჩაწერილი და სადაც ისინი საკმაოდ უარყოფითი კუთხით არიან წარმოჩენილნი.

თუმცა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე ტელეკომპანია „მაესტრომ“ თავის დღის საინფორმაციო გამოშვებაში დაუთარიღებელი ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც YouTube-ზე ანონიმურმა მომხმარებელმა 26 სექტემბერს ატვირთა და რომელიც, დაახლოებით, რვა წლის წინაა ჩაწერილი გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის სახლში თბილისში. ფარულად ჩაწერილ ერთ–ერთ შავ–თეთრ ვიდეოზე ნაჩვენებია პრეზიდენტი სააკაშვილი; გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია; ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მფლობელი იყო; ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი იყო და თავად პატარკაციშვილი, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „იმედს“ ფლობდა და რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე გახდა.  ყველანი ერთად სადილობენ და განიხილავენ, თუ როგორ უნდა მართონ ტელეკომპანიები პოსტ–რევოლუციურ პერიოდში; ერთ–ერთ მომენტში სააკაშვილი ნათელი გეგმის არსებობის საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არც ერთი ტელეკომპანია არ დაიწყებს ომს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.

პატარკაციშვილის სახლში ფარულად ჩაწერილი კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ასევე YouTube-ზე გამოქვეყნდა, უკვე იმ პერიოდშია ჩაწერილი, როცა იძაბებოდა ურთიერთობები ხელისუფლებას და áƒžáƒáƒ¢áƒáƒ áƒ™áƒáƒªáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ¡ შორის, რომელიც 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მასში ნაჩვენებია 11 წუთიანი საუბარი პატარკაციშვილსა და თბილისის მერს გიგი უგულავას შორის; უგულავა ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ იმის გასარკვევად მივიდა, რათა გაიგოს მისგან რამდენად მართალია ხელისუფლების აღქმა იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილი მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. უგულავა ეუბნება პატარკაციშვილს, რომ მას არ უნდა გაუკვირდეს, თუ ხელისუფლება საპასუხო ადეკვატურ ქმედებებს განახორციელებს; ჩანაწერში პატარკაციშვილი პასუხობს, რომ თუ ხელისუფლება ასე ფიქრობს, მას საჯაროდ მოუწევს საკუთარი პოზიციის დაცვა.

ვიდეოს საპასუხოდ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომ ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო პატარკაციშვილთან, რათა ეთქვა, რომ მისი ანტი–სახელისუფლებლო ქმედებები, რასაც წინ უძღოდა ხელისუფლების უარი მისთვის „განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემაზე“, რუსული თამაშის ნაწილი იყო.

„მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართველო იგივე გამოწვევის წინაშე დგას“, – განაცხადა უგულავამ.

„რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს და ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, საქართველო წარსულში დააბრუნონ“, – განაცხადა უგულავამ.    

ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ საათში ტელეკომპანია „იმედმა“ ფარულად ჩაწერილი ვიდეო აჩვენა, სადაც „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძეა ნაჩვენები, რომელიც აქტივისტს გარდაბნის სხვადასხვა უბნებში ხმების აღებაზე ესაუბრება, ხოლო საუბრის ბოლოს მას ფულს აძლევს. სწორედ ამ აქტივისტს ჰქონდა მიმაგრებული ფარული კამერა. არეშიძემ ვიდეოს ფალსიფიცირებული უწოდა და განაცხადა, რომ ის იმგვარად იყო დამონტაჟებული, რომ მისი დისკრედიტაცია მომხდარიყო და ისე წარმოეჩინათ, თითქოს იგი ფულს ქრთამის სახით აძლევს. 

ამ ვიდეოს, ფარულად ჩაწერილი აუდიომასალის მთელი სერია მოყვა, რომლებიც პირველად „რუსთავი 2“–მა 27 სექტემბერს თავის 3 საათიან კურიერში გაუშვა და სადაც „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერის საუბარია ჩაწერილი. YouTube-ზე ახლად გახსნილ ანგარიშზე, სადაც ეს აუდიო ჩანაწერები აიტვირთა, ასევე მოცემულია ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის ვიდეო გზავნილი, რომელიც აცხადებს, რომ აუდიო ჩანაწერების ფარული გაკეთება áƒ›áƒ˜áƒ¡ უსაფრთხოების სამსახურს áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ დაავალა.    

ერთ–ერთ აუდიო ჩანაწერში, მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძეა, ეუბნება თავის თანამოსაუბრეს: „ჩვენ ფული უნდა ვიშოვოთ, პოლიტიკა იქნება–არ იქნება, მაყუთი უნდა ვიშოვოთ... არც კარიერა მინდა, არც პრეზიდენტობა მინდა.. ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდე“. ცალკე აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ იგივე სანიკიძე უკვე პირადად უტევს ივანიშვილს და მის ოჯახსაც. კიდევ ერთ აუდიოჩანაწერში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობს და ოპოზიციური კოალიციის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თინა ხიდაშელს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ცალკე აუდიოჩანაწერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში ეკა ბესელია აცხადებს, რომ კოალიციის თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი „იდიოტი“ და „ნაძირალაა“.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ეს ჩანაწერი ხელისუფლების „ფაბრიკაციაა“, რაც ერთის მხრივ, მიზნად ისახავდა ციხის სკანდალის გადაფარვას, ხოლო მეორეს მხრივ, იმის წარმოჩენას, რომ კოალიციის შიგნით უთანხმოებები არსებობს. მან 27 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ კოალიციაში მეგობრული ატმოსფერო სუფევს.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, როგორმე „გადაფაროს ის დანაშაულებრივი ქმედებები, ის კრიმინალი, რაც იყო ქართულ ციხეებში და რასაც უკვეთავდა სააკაშვილი პირადად და მის იდეოლოგიას რაც ექვემდებარებოდა“.

„ეს იყო ფაქტები, არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში. ამის გადაფარვას ცდილობენ ამ ფაბრიკაციებით. აი ესაა ყველაფრის მიზანი“, – განაცხადა მან.    

„ყველაზე მეტად, რასაც განვიცდი განვიცდი ამას –  ამ კაცს [დაცვის წევრს] რაღაც უქნეს“, – განაცხადა ივანიშვილმა მისი დაცვის წევრზე, რომელმაც განაცხადა, რომ ის იდგა ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელების უკან. მისი ვარაუდით, ეს ადამიანი „რაღაცით დააშინეს“. ივანიშვილმა უარყო, თითქოს დაცვის წევრმა მისგან მიიღო დავალებები ჩანაწერების გაკეთების თაობაზე.

მისი თქმით, ჩანაწერები აუთენტურიც რომ იყოს  – „ეს ასე არ არის, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, საინტერესო რა არის აქ ქვეყნისთვის? არაფერი არ არის იქ ისეთი“.

Civil.Ge © 2001-2024