(განახლება: მეოთხე აბზაცად დამატებულია ცესკოს განმარტება, რომელიც მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაკეთდა) სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩევლის რაოდენობა 3 666 178 შეადგენს. ეს მონაცემი თავის მხრივ მოიცავს ამომრჩეველთა ძირითად სიას 3 381 022 ოდენობით; ამას დამატებული 50 731 ამომრჩეველი მისამართის გარეშე; 187 648 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი; და 46 777 პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩეველი. სიების დაზუსტების კომისიისა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის სხვაობა, რაც 52 327 შეადგენს, სიების კომისიაში იმით ახსნეს, რომ შესაძლოა ცესკომ ვერ მოახდინა პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩევლების უბნებად გადანაწილება; ხოლო ცესკოში მკაფიო პასუხი ამ საკითხზე არ ჰქონდათ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა საქართველოში 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ შვიდ საპარლამენტო, ხუთ საპრეზიდენტო და ოთხ ადგილობრივ არჩევნებზე. აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 3 594 810 – 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაშინ დაფიქსირდა, როცა თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი; შემდეგ მოდის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები – 3 544 770 ამომრჩევლით. ამასთან, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ოფიციალური ცნობით, საზღვარგარეთ გასულთა შორის აღრიცხულია 305 315 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც საზღვარგარეთ მყოფი 43 176 ამომრჩეველი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება, ხოლო ერთიან სიაში სტატუსი „არის საზღვარგარეთ“ სულ 262 139 ამომრჩეველზეა მითითებული. კომისიის ოფიციალური ცნობით, სიებში ასევე 206 795 იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე ამომრჩეველია; ხოლო 191 890 ადამიანი არის რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი. ამასთან, ციხეებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 2 125 პატიმარს ექნება ხმის მიცემის უფლება. სიების დაზუსტების კომისიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსით 54 019 ამომრჩეველი სარგებლობს. სიებში სულ 116 ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ასეთ პირებს საარჩევნო უფლება კონსტიტუციაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის შეტანილი ცვლილებების გამო მიენიჭათ. ცესკოს მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებში ამგვარი სტატუსების მიხედვით ინფორმაცია არ არის მოცემული, თუმცა სანაცვლოდ ამომრჩევლები დაყოფილია 73–ვე ოლქის მიხედვით. ყველაზე დიდი ოლქია ქუთაისი, სადაც 162 732 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; შემდეგ მოდის გლდანის ერთმანდატიანი ოლქი 154 898–ით და სამგორის ოლქი 154 621 ამომრჩევლით – სამივე ამ ოლქში 6 აგვისტოს მონაცემებთან შედარებით ამომრჩეველი მცირედით შემცირებულია, თუმცა გაზრდილია მათი ოდენობა ყველაზე პატარა ოლქებში: ყაზბეგის ერთმანდატიან ოლქში 5 810 ამომრჩევლამდე და ლენტეხის ოლქში 5 988–მდე. კანონმდებლობით, ცესკო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე აქვეყნებს. |
|||
Civil.Ge © 2001-2025