სააკაშვილი: დღევანდელი დღე ისტორიულია საქართველოსთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 09:51

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ხმა მისცა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ დღევანდელი დღე „მართლაც არის ისტორიული საქართველოსთვის“ და  ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ „გადამწყვეტ მომენტში“.

„დღეს წყდება ბედი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის; იმის, რომ სახელმწიფომ იაროს წინ და აღარასოდეს დაბრუნდეს უკან წარსულში, იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში, მათი ბედი უკან ვერავინ ვერ შეატრიალოს. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში იღებდა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას და ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის", – განუცხადა მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, სადაც ოჯახთან ერთად მივიდა. 

„ამიტომ ეს არის ის არჩევნები, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, რომელიც დღეს არსებობს, არამედ მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე, მრავალი შემდეგი თაობის კონკრეტულ გარემოებებზე არა მხოლოდ შემდეგი 4 წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა მან.

„ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება მაღალი დონის აქტივობა. დღეს იქნება მაღალი დონის სამოქალაქო შეგნების გამოხატულება და საქართველო – მე აქ არ ვლაპარაკობ პარტიების გამარჯვებაზე – საქართველო, ქართველი ერი აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე გაიმარჯვებს, როგორც ეს იყო და უნდა იყოს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც იმავდროულად მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა და ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა: „მე გამოვრიციხავ, რომ სადმე რამე სერიოზული დარღვევის ან არეულობის შესაძლებლობა იყოს“ საარჩევნო პროცესში.

Civil.Ge © 2001-2024