ცესკო: 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 10.3% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 12:21


ამომრჩევლები რიგში დგანან, რათა ხმა მისცენ áƒšáƒ”სელიძის ქუჩაზე განლაგებულ საარჩევნო უბანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 10.3% შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს.

ცესკოს ცნობით, რუმინეთში მცხოვრებ საქართველო მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ექნებათ, ვინაიდან ბუქარესტში გახსნილ უბანზე, სადაც 24 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, არჩევნები იმის გამო ჩაიშალა, რომ კომისიის ორი წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა.

ცესკო ასევე გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ნაკლები ბიულეტენია მიტანილი. პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის განმარტებით,  ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ბიულეტენები არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვისაც საარჩევნო სიებში მითითებული აქვთ სხვადასხვა სტატუსები, მათ შორის სტატუსი იმყოფება საზღვარგარეთ.

იმავდროულად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები რიგი დარღვევების შესახებ იტყობინებიან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით ქვეყნის მასშტაბით გახსნილი უბნების 2.5%–ში ჩატარდა. ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს 1 271 დამკვირვებლის მეშვეობით უწევს მონიტორინგს, მათი დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის და მარკირების არ შემოწმების თაობაზე დარღვევების შესახებ იტყობინება. ორგანიზაციის თქმით, ამ ეტაპზე სულ 13 საჩივარია დაწერილი გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მისმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მედიის საქმიანობის ხელის შეშლის, უბნის გახსნასთან დაკავშირებული, აგიტაციის კანონდარღვევით წარმოების, უბანზე ბიულეტენების ნაკლებობის, დამკვირვებლის არ შეშვების, საუბნო კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებისა და გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები, რაზეც სულ 11 საჩივარი დაიწერა.

საიამ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების სიახლოვეს ფიქსირდებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას.

„ეს პირდაპირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ეს წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე“, – განაცხადა საია–ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა და პარტიებს რეკომენდაციით მიმართა, რათა მოუწოდონ მათ აქტივისტებს შეწყვიტონ ეს ქმედება.

საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო იტყობინება კონკრეტული დარღვევის შესახებ, როცა საბურთალოს 52–ე უბანში ამომრჩეველმა გარედან შეიტანა ბიულეტენი, ხოლო უბანზე მიღებული ბიულეტენი გარეთ გაქონდა. ამ დარღვევაზე ორგანიზაციამ შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის განცხადებით, მისმა დამკვირვებლებმა ახალქალაქში ერთ–ერთ უბანზე ასევე დააფიქსირეს პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის 10 ფაქტი.

Civil.Ge © 2001-2024