ცესკოს თქმით, რაიმე მნიშვნელოვან ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 16:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა 16:00 საათზე, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც 1 270 დამკვირვებელი ჰყავს, განაცხადა, რომ მან 34 საჩივარი შეიტანა საუბნო საარჩევნო კომისიაში და  11 – საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით, სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ასევე ადგილი ახალქალაქის  საარჩევნო უბნებზე, სადაც არ კეთდებოდა მარკირება, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდებოდა პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები ეწეოდნენ აგიტაციას ნაციონალურ მოძრაობის სასარგებლოდ, ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავდნენ სუბიექტს და ისე აძლევდენ ბიულეტენებს ამომრჩეველს.

11 საათიდან 14:00 საათამდე დაფიქსირებულ იმ „სერიოზულ დარღვევებს“ შორის, რომლის თაობაზეც კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ იტყობინება, არის: ბათუმის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ოთხმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი; დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები;  გარდაბნის ოლქის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა ვისთვის მიეცათ ხმა, რის საპასუხოდაც რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი 5-იანი შემოეხაზათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ასევე აკვირდება არჩევნებს, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები დააფიქსირა.

Civil.Ge © 2001-2024