სააკაშვილი: პროპორციულ არჩევნებში უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო მაჟორიტარულში მმართველმა პარტიამ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'12 / 21:30

ეგზით პოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ჯერ შედეგების დათვლა მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ უპირატესობა მოიპოვა პროპორციულ არჩევნებში, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ  – მაჟორიტარულ არჩევნებში.

თავის სატელევიზიო მიმართვაში მან ასევე განაცხადა, რომ დაძაბული საარჩევნო კამპანია უკან უნდა დარჩეს და „ჩვენ უნდა შევძლოთ“ ერთად მუშაობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში – ამ განცხადებით მან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მიანიშნა.

„პირველ რიგში მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას უკლებლივ ვინც დღეს მივიდა საარჩევნო უბნებზე, გამოხატა სრული თავისუფლების პირობებში, როგორც ჩვენ გპირდებოდით, აბსოლუტურად გამჭირვალე არჩევნებში თქვენი პოლიტიკური ნება, გამოხატეთ თქვენი ხედვა საქართველოს უახლესი და გრძელვადიანი მომავლის“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ჯერ–ჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ მინიმუმ რამდენიმე საათი, ვიდრე სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე ახლა ეგზით პოლების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა „ქართული ოცნების“ კოალიციამ, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს ის, როგორც ჩანს, ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა საქართველოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა მან.

„საქართველოში საარჩევნო სისტემა არის მოწყობილი იმგვარად, რომ დაახლოებით შუაზე იყოფა ხმები პარლამენტში: ნახევარზე ცოტა მეტი შემოდის პროპორციულით და თითქმის ნახევარი შემოდის მაჟორიტარული ოლქებით. ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა პატარა რაიონიც კი წარმოდგენილი იყოს თავის ისტორიულ საზღვრებში, ყველა საქართველოს მოქალაქის ხმა მიუხედავად მათი რეგიონული წარმომადგენლობისა იღწვოდეს საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში“. 

„ამგვარად, ახლა ვიღებთ იმ სურათს, როდესაც საბოლოოდ ეს უნდა დაითვალოს და გაირკვეს, ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ დღევანდელი სურათით სრულიად ნათელია, რომ არჩევნები შედგა“, რის შედეგადაც, მისი თქმით, „პარლამენტის წევრებმა უნდა დაიკავონ თავისი ადგილები და ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესში“.

მისი თქმით, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობა ემყარება იმ ხმებს, რომლებიც მან „დიდი უპირატესობით აიღო“ თბილისში, ხოლო თბილისის გარეთ „პრაქტიკულად ყველა რეგიონში ასევე სერიოზული უპირატესობით ლიდერობს“ ნაციონალური მოძრაობა.

„მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისსა და რეგიონებად. ჩვენ ვართ ყველანი ქართველები, ჩვენ ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ არსებული დემოკრატიის ფარგლებში ერთად მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია იყო დაძაბული, ემოციური, ხშირად სამწუხაროდ ბინძურიც, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკან უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა საქართველოს პარლამენტში და საქართველოს ახალ მთავრობაში“, – განაცხადა მან.

„მე, როგორც პრეზიდენტი, გარანტი ვარ იმისა, რომ ამ პარლამენტიდან ახალ პარლამენტზე გადასვლა მოხდება უმტკივნეულოდ, მოხდება კონსტიტუციის და დემოკრატიის ფარგლებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პარლამენტი შეძლებს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას უახლოესი თვეების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024