საერთაშორისო გამჭირვალობა: ‘ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'12 / 02:27

საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო და მედია იტყობინება, რომ áƒ®áƒáƒ¨áƒ£áƒ áƒ˜áƒ¡ ოლქში სულ ცოტა ხუთ უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ და ზოგ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები წაიღეს უბნებიდან და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავიდა კადრები, სადაც ჩანს სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც სავარაუდოდ, ბიულეტენები გააქვს მე–3 საარჩევნო უბნიდან რა დროსაც ასევე ისმის სროლის ხმა.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო იტყობინება, რომ ხაშურის 46-ე უბანზე მყოფი მისი დამკვირვებლის თქმით, "ხმების დათვლის დროს შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა“.

ორგანიზაციის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ასევე მე–19 უბანზეც, სადაც „დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს“. მსგავსი ფაქტები მოხდა მე–5 და 45–ე უბნებზეც, რის შესახებაც საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს განცხადებით, მას ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ აცნობა.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო ამ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს, „წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანი ოლქის შედეგები“.

იმავდროულად, შსს–მ განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს.

Civil.Ge © 2001-2024