სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხება აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'12 / 14:43

ფოტო სატელევიზიო კადრიდან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებას აღიარებს. 

თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ ამიერიდან მისი პარტია ოპოზიციაში გადადის.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება: 

„საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა „ქართული ოცნების“ კოალიციამ. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პროცესს იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის ამ კოალიციის შეხედულებები. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ პატივს.

ამავე დროს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში. ბოლო რვა წლის, ვარდების რევოლუციის მონაპოვრები არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორისსთვის, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, არამედ ასევე ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ–ერთ ძალიან საკვანძო ქვეყნად. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნათ ამ მონაპოვრებს უახლოეს თვეებში ან წლებში, მათი მოსპობა არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური ძალა, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის; ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველაფერი, რაც შეიქმნა ბოლო წლებში, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს გათანამედროვეობის კუთხით, ახალი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, მაქსიმალურად დავიცვათ, შევუნახოთ შემდეგ თაობებს და შევძლოთ საქართველოს შემდგომი გაგრძელება ყველა კონსტიტუციური და პოლიტიკური პროცესების შედეგად.

რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის კურსის მიმართ, პრეზიდენტის კურსის მიმართ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას მომავალში ალტერნატივა მაინც არ ექნება და ჩვენ ყველა გავაგრძელებთ ბრძოლას სწორედ ამ რწმენით როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევები“.       

 

Civil.Ge © 2001-2024