მედვედევი: არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს ცვლილებები სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'12 / 20:37

ქართული ოპოზიციის გამარჯვებამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აჩვენა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ცვლილებები სურს, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2 ოქტომბერს.

„თუ ეს შედეგები რეალური გახდება, პოლიტიკური ლანდშაფი საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდება. ეს მხოლოდ მისასალმებელია, ვინაიდან ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ძალები გამოჩნდებიან პარლამენტში“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედები გააჩინა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში განხორციელდება, დადებითი გავლენა ექნება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე; ჩვენ ამაში ძალიან ვართ დაინტერესებული“, –  იტყობინება „რია ნოვოსტი“ მატვიენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კოალიციამ არჩევნების წინასწარი შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო არჩევნები მოუგო, განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება „მცდელობას არ დააკლებს დიდ მეზობელთან მეგობრულ ურთიერთობებს მივაღწიოთ“, თუმცა დასძინა, რომ ეს „არ იქნება იოლი“.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, „მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციაა ძალიან მძიმე, ურთიერთობებია ჩიხში შესული, მე ვფიქრობ, რომ არსებობს საშუალება უახლოეს დროში კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები მაინც აღვადგინოთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ სწორი დიპლომატიით შესაძლებელია რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ უქმნის áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ¡ საფრთხეს.

„ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების მხრივ ნატო. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენს სტრატეგიას არ შევიცვლით“, – განაცხადა მან, „ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულება და დიდი სურვილი, რომ ჩვენ ჩვენს ყველაზე დიდი მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები“.

Civil.Ge © 2001-2024