ბოკერიამ ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესის ‘გაწელვის’ შესაძლებლობაზე მიანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'12 / 22:50

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „სახიფათო თამაშები“ უწოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ და ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესის „გაწელვის“ შესაძლებლობაზე მიანიშნა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 1 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მოქმედ მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტის დათხოვნის უფლება პრეზიდენტს არ აქვს მისი არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და ასევე  საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ექვსი თვით ადრე. 2013 წელს, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ახალი კონსტიტუციური დებულებები შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც იმავე პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია წარადგენს ახალი პრემიერ–მინისტრს, რომლის როლიც მნიშვნელოვნად გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე. 

გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში საუბრისას პრეზიდენტის პოზიცია განმარტა. მისი თქმით, სააკაშვილი მზად არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუცია ამას არ ავალდებულებს, ახალ პარლამენტს წარუდგინოს არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული პრემიერ–მინისტრი და მისი კაბინეტი ნდობის მისაღებად.

თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია „თეორიულად“, რომ ამ გზით არ წავიდეს, რაც „პროცესის გაწელვის შესაძლებლობას“ ქმნის.

„შესაძლოა პრეზიდენტს წარედგინა სხვა მთავრობა, რომელსაც მხარს არ დაუჭერდა პარლამენტი, შემდეგი ექვსი თვე არჩევნები ვერ ინიშნება კონსტიტუციით და იქნებოდა ის ვითარება, რომ [არსებული] მთავრობა იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ეს იქნებოდა იმ მკაფიო ნების უპატივცემულობა, რომელიც გამოხატა საქართველოს ამომრჩეველმა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი პარტიის არჩევნებში დამარცხება აღიარა, მისი შემდეგი „ლოგიკური“ სვლა გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს. მისი თქმით, ის ღიაა თანამშრომლობისთვის, თუმცა სააკაშვილს მასთან მუშაობა თავად გაუჭირდება, ვინაიდან  შეიქმნება  „ბევრი პრობლემა“ იმის გამო, რომ „ჩვენ [კოალიციამ] უნდა ვმართოთ სიტუაცია, ის [სააკაშვილი] ვეღარ მართავს სიტუაციას“ და „შეიძლება კრიზისიც კი შეიქმნას რაღაც ეტაპზე“.

ბოკერიას თქმით, „კრიზისის შექმნა ვინმეს თუ უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო არჩევანი“.

„საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს და იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად და თავისუფლად როგორ განვლილი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ და „ქართული ოცნების“ მისამართით განაგრძო: „პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მმართველი გუნდის დამარცხება მოახერხეს, ამიტომ შემდეგ არჩევნებსაც დაელოდონ, როდესაც მოხდება გარკვევა ამომრჩევლის ნების“. 

„მე იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვების ეიფორიით გამოწვეული რიტორიკაა, მაგრამ ვხედავთ საქციელს თითქოს რაღაც რევოლუცია ხდება, ან კიდევ უარესი –  გადატრიალება და არა დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას, რომლის „ოპოზიციაში გადასვლის პროცედურა შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს“,  არ სურს მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც „შეიძლება დაძაბულობა მოიტანოს იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა 40%–მა ქვეყნის დაუჭირა მხარი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“.   

„ამ გამარჯვების შემდეგ ვინმე თუ აპირებს, რომ მათი მხრიდან კიდევ რაღაც ექსპერიმენტები ატაროს და კონსტიტუციურ წყობილებას დაემუქროს, ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, – გაიმეორა ბოკერიამ.

„ახლა ეს [ქართული ოცნების] გუნდი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება იმ გუნდს, რომელიც მოდის ხელისუფლებაში და მალე ექნება პასუხისმგებლობა ძალიან დიდ ნაწილზე ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.


   


   

 

Civil.Ge © 2001-2024