აშშ საქართველოს ‘ისტორიულ’ არჩევნებს მიესალმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'12 / 11:45

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს „წარმატებული“ საპარლამენტო არჩევნები მიულოცა და განაცხადა, რომ ეს „ისტორიული“ არჩევნები „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

„კონკურენტული კამპანიის ჩატარებით, დემოკრატიული უფლებების გამოყენებით და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების დადასტურებით საქართველოს მოქალაქეებმა რეგიონალური და გლობალური მაგალითი აჩვენეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესს–მდივნის ჯეი ქარნის განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა კვლავ მიმდინარეობს, ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მომავალი დღეებსა და თვეებში კვლავ ბევრი სამუშაო რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში. „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ, და ასევე საქართველოს ახალმა პარლამენტმა ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა უზრუნველყონ შემდგომი პროგრესი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე, ქართველი ხალხისა და მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ“.

თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია „მოუთმენლად ელიან საქართველოსთან ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და ძლიერი ორმხრივი პარტნიორობის გაგრძელებას".

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავის განცხადებაში ასევე მიესალმა საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ქართველი ხალხისათვის და მისი დემოკრატიული მომავლისათვის „ისტორიულ დღეს“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხმების საბოლოო დათვლა და დავები გამჭირვალედ წარმართონ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისობით“, – ნათქვამია კლინტონის განცხადებაში.

„ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას ახალ პარლამენტთან ისევე, როგორც [მთავრობის] კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან, რათა ჩვენს მყარ ურთიერთობებს დავეყრდნოთ და ქართველი ხალხისათვის უფრო ნათელი მომავალი შევქმნათ“. 

Civil.Ge © 2001-2024