ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'12 / 12:44

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგადად პოზიტიური ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ, განაცხადეს შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივ განცხადებაში 2 ოქტომბერს.

„ევროკავშირი ულოცავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. პასუხისმგებელი ხელისუფლებაც და კონსტრუქციული ოპოზიციაც ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
განცხადებაში ევროკავშირი მოუწოდებს ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს „ერთად იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის“.

„ჩვენ სრულად ვითვალისწინებთ ODIHR-ის წინასწარ შეფასება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესმა გამოავლინა, რომ დემოკრატიული არჩევნების საფუძველს ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ  ჯანსაღი პატივისცემა წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას.

Civil.Ge © 2001-2024