საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ცესკოს ვებ-გვერდზე 'ყალბი' შემაჯამებელი ოქმის არსებობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'12 / 19:15

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები არ ემთხვევა ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ უშუალოდ უბანზე მოპოვებული ოქმის ასლს.

„ჩვენს ხელთ არსებული ოქმის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს 207 ხმა, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების” კანდიდატ გელა გელაშვილს - 377 ხმა. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით კი ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს 436, ხოლო გელა გელაშვილს 146 ხმა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შესადარებლად ორივე ოქმს აქვეყნებს თავის ვებ–გვერდზე და აცხადებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ვარიანტში ასევე არ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის ხელმოწერები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ოქმები არის სადაო უბნიდან, რადგან მისმა დამკვირვებელმა უშუალოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს მოითხოვა ამ უბანზე კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტა და შედეგების გაბათილება იმის გამო, რომ რეგისტრატორისა და კომისიის თავმჯდომარის ბეჭდები ერთმანეთში იყო არეული და შეცდომით ხდებოდა მათი გამოყენება. თუმცა, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს,  მისი შესაბამისი საჩივარი სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

სიღნაღი იმ ოლქებს შორის არის, რომლებზეც ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან.

სიღნაღის ყველა უბნის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ცესკოს ვებ–გვერდზე არის გამოქვეყნებული, წინასწარი მონაცემებით, ამ ერთმანდატიან ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ბეჟაშვილი ხმების მინიმალური სხვაობით, 48.7%–ით უსწრებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს გელა გელაშვილს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 47.19% აქვს მიღებული.

 

Civil.Ge © 2001-2024