რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს არჩევნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'12 / 20:12

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკის  áƒ¨áƒ”ფასება ქართველი ხალხის მიერ და მან აჩვენა ქართული საზოგადოების სწრაფვა ცვლილებისკენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა 3 ოქტომბერს, რომ რუსეთი ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მომზადების და ჩატარების პროცესს.     

მისი თქმით, ამ არჩევნებით ამომრჩევლებმა შეაფასეს ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ასევე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე. 

„აშკარაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებებს მისცა ხმა. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში ისინი [ცვლილებები] მისცემენ საქართველოს საშუალებას დაიწყონ ნორმალიზაცია, კონსტრუქციული და საპატიო ურთიერთობების დამყარება მეზობლებთან. რუსეთში ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიესალმებოდნენ“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 2 ოქტომბერს, რომ „თუ არჩევნების შედეგები რეალური გახდება, პოლიტიკური ლანდშაფი საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდება“.

„ეს მხოლოდ მისასალმებელია, ვინაიდან ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ძალები გამოჩნდებიან პარლამენტში“, – განაცხადა მან. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ცვლილებები სურთ. 

Civil.Ge © 2001-2024