ხელისუფლების ცვლა და კანონმდებლობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'12 / 15:17

გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“, მოსალოდნელია, რომ მთავრობას და პარლამენტს გააკონტროლებს, ნაციონალური მოძრაობის ხელში კი პრეზიდენტის ინსტიტუტი და თვითმმართველობა რჩება.

1 ოქტომბრის საპარლამენტო და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, წინასწარი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და ოპოზიციაში გადასვლა გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვამდე იქნება პრეზიდენტი, რომელიც მთავარი ფიგურაა მოქმედი კონსტიტუციის პირობებში. 

„ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის  ხელისუფლების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ეს პროცესი კანონშესაბამისად წარიმართოს. 

ქვემოთ მოცემულია ძალაუფლების ნაწილობრივი გადაბარების შედეგად áƒ®áƒ”ლისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების კონსტიტუციური ჩარჩო: 

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცესკომ არაუგვიანეს 20 ოქტომბერს უნდა შეაჯამოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში ქალაქ ქუთაისში. ტერმინი „არჩევნები“ არ ნიშნავს მხოლოდ არჩევნების დღეს და თავის თავში მოიცავს მთელ საარჩევნო პროცესს, შედეგების დადგენის ეტაპის ჩათვლით. კონსტიტუციის ამ ნორმას პარლამენტის რეგლამენტი განმარტავს და ამბობს, რომ პირველი სხდომა იმართება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

1 ოქტომბერს არჩეული მერვე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს ანუ 100 დეპუტატს, რაც ასევე კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობაა.

იმისათვის, რომ პარლამენტის პირველი შეკრება, რომელსაც ასევე უნდა ესწრებოდეს პრეზიდენტი, შემდგარად ჩაითვალოს, მისი სულ ცოტა 100 წევრის უფლებამოსილება უნდა ცნოს თავად პარლამენტმა და მხოლოდ ამის შემდეგ უწყდება უფლებამოსილება მოქმედ პარლამენტს.

პარლამენტი მისი წევრების უფლებამოსილებას ცნობს იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც მას ცესკო წარუდგენს და მას შეისწავლის დროებითი სამანდატო კომისია – პარლამენტში არჩეულ წევრთა მონაწილეობით დაკომპლექტებული დროებითი ჯგუფი, რომლის ვიზირებითაც ხდება დეპუტატთა ერთიანი სიის ფორმირება მათი უფლებამოსილების ცნობისათვის.

ამ სიაში ვერ მოხვდებიან ის კანდიდატები, რომელთა პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ან საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. მათთვის დეპუტატის მანდატის მინიჭების საკითხს პარლამენტი მოგვიანებით გადაწყვეტს.

პარლამენტის პირველი შეკრება იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ პარლამენტი 100–ზე ნაკლები დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მომდევნო სხდომას კი ცესკოს თავმჯდომარე ნიშნავს იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როცა შესაძლებელი გახდება იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ლეგიტიმაციის პროცედურების გავლის შემდეგ, რაც ასევე მოიცავს ქვეყნისადმი ერთგულების  ფიცის დადებას დეპუტატების მიერ, პირველივე სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ქმნის ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა ასევე შეიძინონ უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსი; ასევე ქმნის კომიტეტებს და ირჩევს მათ თავმჯდომარეებს და განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მთავრობის ფორმირება და პრეზიდენტის უფლებები

კონსტიტუციის თანახმად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მოქმედ მთავრობას, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, áƒ”ხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

მთავრობის წარდგენას, დამტკიცებას და მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნას მაქსიმუმ 30 დღე შეიძლება დასჭირდეს.

კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი 7 დღის განმავლობაში შეარჩევს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ხოლო პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მინისტრობის კანდიდატურებს, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. აქედან  ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ სამი დღის განმავლობაში.

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის მის მიერ შერჩეული წევრები წარუდგინოს ახალ პარლამენტს დასამტკიცებლად.

ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ერთი წლის წინ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა, კონსტიტუციაში მისთვის შეტანილი ცვლილება უფლებას აძლევს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის – საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, 2014 წლამდე გასამართ ყველა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ეს ასევე ვრცელდება მის უფლებაზე გახდეს პრემიერ–მინისტრი, თუმცა ეს დებულება მკაფიოდ არ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის. კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის შემოღებული დროებითი ნორმა, არ ვრცელდება კონსტიტუციის 29–ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილ შეზღუდვაზე, რომლის მიხედვითაც  „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

ივანიშვილმა, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ არ ისარგებლებდა კონსტიტუციაში მისთვის შეტანილი ცვლილებებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამჟამინდელ ხელისუფლებას თხოვა დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა. მან ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეობის აღდგენისთვის სასამართლოს გზითაც გააგრძელებს ბრძოლას.

ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა და ოპოზიციაში გადავიდა, აცხადებს, რომ კონსტიტუციური კრიზისის შექმნის გზით არ განავითარებს მოვლენებს მიუხედავად იმისა, რომ ამის ბერკეტებს პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს.

მართალია პრეზიდენტს არ აქვს უფლება მთავრობის არ დამტკიცების ან ნებისმიერი სხვა მოტივით პარლამენტი მისი არჩევიდან 6 თვის განმავლობაში და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება, 6 თვით ადრე დაითხოვოს, მაგრამ მას კონსტიტუცია აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს მის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას, თავად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე.

ამავე პერიოდში, როცა პარლამენტის დათხოვნა აკრძალულია, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, პრეზიდენტს უფლება აქვს სახელმწიფო ბიუჯეტი დეკრეტით თავად დაამტკიცოს. ბიუჯეტის ფორმირება მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა მან პროექტი პრეზიდენტს უნდა შეუთანხმოს, ხოლო პარლამენტში  დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტის კანონს ასევე პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. 

ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა არსებული ბალანსი მოქმედებს მანამ, სანამ 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა ახალი კონსტიტუციური დებულებები, რომლის მიხედვითაც, პრემიერ–მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე.

ამასთან, 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვა სრული შემადგენლობის ორი მესამედით ანუ 100 ხმით შეეძლება მანამ, სანამ 2013 წელს ძალაში შევა ამ კვორუმის სამ მეოთხედამდე (113 ხმა) გაზრდის საკონსტიტუციო დებულება.

მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობა ანგარიშვალდებულია ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტისა და სუსტი პარლამენტის წინაშე.

პრეზიდენტი ამჟამინდელი áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ˜áƒ— უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. ის აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელს, უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობის აქტები, ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.  

საკვანძო თანამდებობები

საქართველოს პრეზიდენტი ასევე სარგებლობს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლებით. უშიშროების საბჭოს ამჟამად გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტს áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დი კანონმდებლობით, გუბერნატორების დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ. ანალოგიური საკონსულტაციო რეჟიმი მოქმედებს  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურების წარდგენისას.

ამასთან, პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარ პროკურორს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ასევე პრეზიდენტი წარადგენს და მას 76 ხმით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.

კონსტიტუციით, პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, „თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს“.

პრეზიდენტი ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, რომლებსაც პარლამენტი 76 ხმით 7 წლის ვადით ირჩევს ასევე პრეზიდენტის წარდგინებით.

პრეზიდენტი არ მონაწილეობს გენერალური აუდიტორის დანიშვნაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს 5 წლის ვადით დასამტკიცებლად; ასევე პარლამენტის პრეროგატივაა სახალხო დამცველის არჩევაც, რომლის პოსტიც ამჟამად ვაკანტურია. 

ამასთან, პარლამენტს აქვს უფლება სრული შემადგენლობის უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, თუ მათ მიმართ წარდგენილი ბრალეულობა დადასტურდება. 

იმპიჩმენტი

გამომდინარე მოქმედ კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობებისა, რომელიც ერთის მხრივ, პრეზიდენტს და მეორეს მხრივ, მთავრობას და პარლამენტს შორის შეიძლება წარმოიქმნას იმ პირობებში, როცა ხელისუფლების ამ შტოებს, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია „ქართული ოცნება“ გააკონტროლებს, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ურჩია. თუმცა მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ეს შესაძლებლობა უარყო, ივანიშვილმა გაიმეორა თავის ადრინდელი პოზიცია, რომ კოალიცია მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის საქართველოს პრეზიდენტთან.

თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩევნების შემდგომ გაკეთებულ ერთ–ერთ განცხადებაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზეც მიანიშნა.

პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ არჩევნებზე 5 წლით იქნა მეორე ვადით არჩეული. თანამდებობაზე ყოფნის ხუთი წელი მას 2013 წლის იანვარში ეწურება. თუმცა კონსტიტუციაში არსებული იმ ჩანაწერის გამო, რომელიც მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროდ ოქტომბრის თვეს განსაზღვრავს, პრეზიდენტ სააკაშვილს მისი უფლებამოსილების ბოლო ვადა, დაახლოებით, 8 თვით უხანგრძლივდება.

საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი ხელშეუვალია, თუმცა კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადააყენოს, თუ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; ხოლო სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები უზენაესი სასამართლოს დასკვნით.

ასეთ შემთხვევაში პარლამენტის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად. იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება დაუშვებელია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს და ასევე მთავრობის დამტკიცების ან მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების მიმდინარეობისას.

‘ხელისუფლების ცვლა’ აჭარაში

პრეზიდენტს ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილებები გააჩნია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და აჭარის მთავრობასთან მიმართებაშიც.

აჭარის 21–წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც ასევე 1 ოქტომბერს ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე გავიდა.

უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, უნდა გაიმართოს არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ახალი უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელსაც ამჟამად ლევან ვარშალომიძე ხელმძღვანელობს, უფლებამოსილება უწყდება. 

პრეზიდენტი აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ და საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, რომლის დამტკიცებასაც áƒ›áƒ®áƒáƒ áƒ˜ უნდა დაუჭიროს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ანუ 11–მა დეპუტატმა.

პრეზიდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო, თუ ის ორჯერ ზედიზედ არ დაამტკიცებს მის მიერ წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. დათხოვნის შემთხვევაში, პრეზიდენტი ნიშნავს დროებით საპრეზიდენტო საბჭოს, რომელიც მოქმედებას წვეტს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

ამასთან, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც თანაბრად ანგარიშვალდებულია áƒ áƒáƒ’ორც უმაღლესი საბჭოს, ისე საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

ნაციონალური მოძრაობა მმართველ ძალად რჩება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლებიც 2010 წლის 30 მაისს ოთხი წლის ვადით იქნენ არჩეულნი. პირდაპირი წესით არჩეულ თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერია, ამ პოსტზე 1 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე. 

 

Civil.Ge © 2001-2024