![]() |
|||
ორივე მათგანმა სასახლის ეზოში გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა იმ პროცესის „ისტორიული“ მნიშვნელობა, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა ქვეყანაში. „მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდა გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირსო ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელება მისი. ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც, მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. აი, ეს გახლდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, გვქონდა შეხედულებებზე და ასე შემდეგ. იქ თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ აუცილებლად ჩვენი სტრატეგიაა, გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. აი, დაახლოებით, ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შევუქე, რომელიც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ კულტურული ერი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით. დიდი მადლობა“. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჩვენ ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, ვუზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე; მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში; მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით; მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იქნას ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე, როგორც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული. ეს იყო ყოველთვის, რაც მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი ყველა თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ ბევრი რამე დაინახო და გაანალიზო. მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე, ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მე მგონი, ეს არის მთავარი, რასაც ყველამ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ. ამიტომ, მინდა ჩვენ ხალხს ვისურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები“. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025