მთავრობის გადადგომამ ახალი პარლამენტის შეკრების დაჩქარების წინაპირობა შექმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'12 / 16:13

მოქმედი მთავრობის გადადგომა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მისი მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადაყვანა არსებული კონსტიტუციური ვადებისა და ნორმების საფუძველზე ახალი მოწვევის პარლამენტის 17 ოქტომბრამდე შეკრების აუცილებლობას ქმნის, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ áƒ›áƒ—ავრობის ახალი შემადგენლობა სწორედ ახალი მოწვევის პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ 10 ოქტომბერს მთავრობის გადადგომა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.

ზღულაძე მინისტრის მოვალეობას 20 სექტემბრიდან ასრულებდა მას შემდეგ, რაც ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ციხის სკანდალის გამო გადადგა. ის მეშვიდე მინისტრი იყო, რომელმაც მთავრობის შემადგენლობა ივლისის შემდეგ დატოვა. მთავრობის 1/3–ით განახლების შემთხვევაში პარლამენტში მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი დგება. თუმცა ახალაიას გადადგომამ ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი მანამ შეაჩერა და დღის წესრიგში არ დააყენა, სანამ მისი შემცვლელი ოფიციალურად არ დაინიშნა მინისტრის თანამდებობაზე.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილება 1 ოქტომბერს არჩეული ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა არსებული მოცემულობით, მისი უფლებამოსილება ზღულაძის დანიშვნის გამო უფრო ადრე შეწყდა.

ახალი მოწვევის პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს შეკრებას, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს – შეჯამების ბოლო ვადა 20 ოქტომბერს იწურება. პარლამენტის პირველი სხდომის დღე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

პარლამენტი თავის პირველივე სხდომაზე ქმნის ფრაქციებს – სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები პრეზიდენტმა, რათა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ანუ 10 ოქტომბრიდან 7 დღის განმავლობაში შეარჩიოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა.

ამ კონსტიტუციური ვადების დაცვის მიზნით, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ასევე შეიქმნას ფრაქციები, რათა მათთან კონსულტაციების გავლის კონსტიტუციური მოთხოვნა იქნას დაცული.

პრემიერ–მინისტრის კანდიდატის შერჩევის შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის შემდგომი ნაბიჯია, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის მიერ პრეზიდენტთან შეთანხმებით მინისტრების კანდიდატურების 10 დღის ვადაში შერჩევა,  რის შემდეგაც 3 დღის ვადაში პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. აქედან  ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე სამი დღის ვადაში ინიშნებიან, რითაც ოფიციალურად იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შერჩეული მთავრობის წევრები წარუდგინოს ახალ პარლამენტს დასამტკიცებლად.
 
„არსებობს დეკლარირებული პოლიტიკური ნება იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს ჯანსაღად და ხელის შეშლის გარეშე“, – განაცხადა გია ხუროშვილმა 11 ოქტომბერს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა არ გამორიცხა, რომ ხელისუფლების ცვლის პროცედურების დაჩქარება ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ამ საკითხებზე მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში შეთანხმებული საკითხი იყოს.

ივანიშვილმა მომავალი კაბინეტის 20 მინისტრიდან 13–ის კანდიდატურა უკვე დაასახელა, დანარჩენი 7 მინისტრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს.

Civil.Ge © 2001-2024