ივანიშვილი: „ევროპული ტურნე უნდა იყოს ჩემი პირველი ვიზიტი“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Oct.'12 / 18:44

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ვიზიტს ევროპაში განახორციელებს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მესამე დღეს ივანიშვილი აცხადებდა, რომ პირველი უცხოური ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრებოდა, თუმცა იმასაც დასძენდა, რომ „უკეთესი და უფრო ეფექტური“ იქნებოდა, თუ ეს ვიზიტი აშშ–ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგებოდა. „ვაშინგტონამდე არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა ივანიშვილმა 3 ოქტომბერს.

ეს გეგმა მან 18 ოქტომბერს თბილისში ვიზიტად მყოფ შტეფან ფულესთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მოლაპარაკებების შემდეგ შეცვალა.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, ძალიან ბევრი რჩევაც მივიღეთ, დაპატიჟება – გველოდებიან ევროპაში“, – განაცხადა ივანიშვილმა 18 ოქტომბერს.

„და დამარწმუნეს, რომ პირველ რიგში უნდა წავიდე ევროპაში და ევროპული ტურნე უნდა იყოს ჩემი პირველი ვიზიტი“, – განაცხადა მან.

შეხვედრის შემდეგ შტეფან ფულემ აღნიშნა, რომ ის საქართველოს „წარმატებული“ არჩევნების მისალოცად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მანდატით სტრუმრობს.

„ჩვენს ინტერესშია, რომ ვნახოთ საქართველო და ქართველები, რომ სულ უფრო ახლოს და ახლოს მოდიან ევროკავშირთან“, – განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიუსელიდან მიღებული ოფიციალური მოწვევის საფუძველზე ევროკავშირში მაღალი დონის ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024