არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოუწოდა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული „სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების“ გამო. ივანიშვილმა დავით დარახველიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად 16 ოქტომბერს დაასახელა. დარახველიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ამბროლაურის ერთმანდატიან ოლქში, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან წააგო. მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, ინტერნეტით ორი დამოუკიდებელი ვიდეო გავრცელდა; ორივე მათგანი არჩევნებამდეა გადაღებული, წინასაარჩევნო კამპანიის დროს; ერთ–ერთ ვიდეოში ჩანს დარახველიძე, რომელიც აგრესიულად ესაუბრება ჟურნალისტს და მას შეურაცხყოფას აყენებს; ხოლო მეორე ვიდეოზე, რომელიც საკმაოდ დაჩეხილია დამონტაჟების დროს, დარახველიძე ამბობს: „თბილისში ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა, ვინც შეგხვდებათ, ინდოელი და ჩინელი და სულ ყველა“; იგი ასევე ამბობს: „ქართველებისთვის უნდა იყოს საქართველო“. განცხადებას ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; მრავალეროვანი საქართველო; მწვანე ალტერნატივა; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო. „არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს [ბიძინა ივანიშვილს], გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას“, – ნათქვამია განცხადებაში. |
|||
Civil.Ge © 2001-2025