ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები დაადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'12 / 20:48

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების შემაჯამებელ ოქმს აწერს ხელს, 19 ოქტომბერი. ცესკოს ფოტო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარასკევს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შემაჯამებელ ოქმში ასახა, რომლის მიხედვითაც პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 85 ადგილი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 65 მანდატი მოიპოვა.

საბოლოო მონაცემების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში 5%–იანი ბარიერი მხოლოდ ამ ორმა სუბიექტმა გადალახა: ხმათა 54.97% (1 181 862 ხმა)  კოალიცია ქართულმა ოცნებამ მიიღო და პარტიული სიით 44 დეპუტატი გაიყვანა; ხოლო 40.34% (867 432 ხმა) ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო და 33 მანდატი მოიპოვა სიით.

ახალი პარლამენტი ორსუბიექტიანი, თუმცა მრავალპარტიული იქნება, ვინაიდან ბლოკში „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ შემდეგი ექვსი პარტია არის გაერთიანებული:  ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო; კონსერვატიული პარტია; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; áƒ áƒ”სპუბლიკური პარტია; ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები; და ეროვნული ფორუმი.

5%–იან ბარიერს მიღმა დარჩენილი საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი 43 805 ხმა (2.04%) ქრისტიან–დემოკრატიულმა გაერთიანებამ და 26 621 ხმა (1.24%) ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღეს. დანარჩენმა 12–მა სუბიექტმა ჯამში ხმების 1.4% დააგროვა. 

პროპორციული არჩევნების შედეგები 16 უბანზე ბათილად გამოცხადებული áƒ›áƒáƒœáƒáƒªáƒ”მების გარეშე დადგინდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 41 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 32 ერთმანდატიანი ოლქი მოიგო. პროპორციული სისტემის მსგავსად, სხვა ვერცერთმა პარტიამ მაჟორიტარული მანდატის მოპოვება ვერ შეძლო.

შემაჯამებელი ოქმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად მითითითებულია – 3 613 851. არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661–მა ამომრჩეველმა მიიღო, საიდანაც 62 874–ის ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული.

არჩევნების უფრო დეტალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიურ რუკაზე.   

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა, გამარჯვებულად ცხადდება. მეორე ტური იმ შემთხვევაში იმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 30%–ზე მეტს.   

ოქტომბრის არჩევნებზე არც ერთ ერთმანდატიან ოლქში მეორე ტურის გამართვა საჭირო არ გახდა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების მიერ მოგებული 41 ოლქიდან 35–ში მათ ხმების 50%–ზე მეტი მიიღეს. მხოლოდ ექვს ერთმანდატიან ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 50%–ზე ნაკლები ხმებით გაიმარჯვეს. ეს ოლქებია: სიღნაღი, თელავი, გორი, ხარაგაული, ბაღდათი და მესტია.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მისმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა სულ 32 ოლქში მოიგეს არჩევნები; 6 ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა ხმების 50%–ზე ნაკლები მიიღეს (დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ქედა, თერჯოლა, ამბროლაური და ხონი).

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძირითადად პარტიული სიით ჩატარებული არჩევნების შედეგების მსგავსია სხვადასხვა ოლქებში, გარდა ოთხი გამონაკლისისა.

დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს და ამბროლაურის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან წააგეს არჩევნები, თუმცა იგივე ოლქებში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიით ოდნავ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ. საწინააღმდეგო სიტუაცია იყო ტყიბულში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოიგო არჩევნები, თუმცა კოალიციამ პარტიული სიით ნაციონალურ მოძრაობაზე ოდნავ ნაკლები ხმა მიიღო.

დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი, კოალიციამ როგორც მაჟორიტარული, ისე პარტიული სიით არჩევნებში დამაჯერებელი áƒ’ამარჯვება მოიპოვა. 

არჩევნების შედეგების შეჯამებამ მწვანე შუქი აუნთო პარლამენტის პირველ შეკრებას, რომელიც 21 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში იგეგმება. ოფიციალურად სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა დანიშნოს.

Civil.Ge © 2001-2024