პარლამენტმა 150–ვე წევრის უფლებამოსილება ცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'12 / 15:47

პარლამენტმა არჩეული 150–ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო, რითაც მერვე მოწვევის პარლამენტი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ხოლო წინა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება შეწყდა.

დეპუტატმა უმრავლესობიდან ირინა იმერლიშვილმა, რომელიც დროებით სამანდატო კომისიას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ყველა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ეს იყო კოალიცია ქართული ოცნების უმრავლესობის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

თუმცა მან ასევე დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ რამდენიმე სადაო ერთმანდატიანი ოლქის მასალები გაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში და სწორედ მათი გადასაწყვეტი იქნება ამ საჩივრებზე რეაგირების საკითხი.

141 ხმით უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატებმა ფიცი დადეს.

ამ პროცედურის შემდეგ პირველ სხდომაზე გაკეთდა განცხადება უმრავლესობის და უმცირესობის და მათში შემავალი 3–3 ფრაქციის შექმნის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის ლიდერის დავით საგანელიძე გახდა, სამი ფრაქცია შედის:, მათ შორის უმსხვილესია 65–წევრიანი ფრაქცია სახელწოდებით „ქართული ოცნება“, რომელსაც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს; 11–წევრიანი ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით; და ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“, რომელშიც 9 პარლამენტის წევრი შედის დავით ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

საპარლამენტო უმცირესობაში, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ასევე სამი ფრაქცია არის გაერთიანებული: 46–წევრიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარეც არის გიორგი გაბაშვილი; ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა –მაჟორიტარები“, რომელიც 7 წევრს აერთიანებს და მისი ხელმძღვანელია აკაკი ბობოხიძე; და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“ – 7–წევრიანი ფრაქცია, რომელსაც დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე ხელმძღვანელობს.

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში სულ 65 წევრი გაიყვანა, თუმცა ხუთი მათგანი áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო უმცირესობის არცერთ ამ სამ ფრაქციაში არ გაერთიანდა. ესენი არიან მაჟორიტარი დეპუტატები: კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი. ახალი პარლამენტის მოწვევამდე, "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ ისინი ელოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წევრები არ შევიდოდნენ უმცირესობის რიგებში.

Civil.Ge © 2001-2024