პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ პარლამენტს სიტყვით მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'12 / 15:21

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალარჩეულ პარლამენტს ქუთაისში გამართულ პირველ სხდომაზე სიტყვით მიმართა და მომავალ მთავრობას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია იყო „რთული, უხამსი და გესლიანი და ალბათ ყველა მხრიდან“, მაგრამ ახლა ერთობლივად მუშაობის დრო დადგა, რათა „გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, როგორც ვლაპარაკობდით, გავაგრძელოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის პროგრესი, განვავითაროთ ჯანდაცვა, გავაგრძელოთ ჩვენი ტრანსატლანტიკური მისწრაფებები და ევროპული ინტეგრაცია, ასევე დემოკრატიული განვითარება“.

„დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ეს არის ერთობლივი განხილვის, დებატების საქმის კეთების დრო“, – განაცხადა მან.

პარლამენტის სხდომას მოქმედი და მომავალი მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს áƒ’ვერდით იჯდა; სხდომას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები.

„ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში“, – განაცხადა მან.

„მე ვუსურვებ [საპარლამენტო] უმრავლესობას არა მხოლოდ არაფერი არ დაანგრიოს და გააუარესოს, რაც დარწმუნებული ვარ არ სურთ, არამედ შეძლოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მიეცით“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.

„ხოლო უმცირესობას ვუსურვებ, რომ ჯერ ერთი იყოთ ოპოზიცია, რომელიც მთავრობას დაეთანხმება, როცა მთავრობა სწორია და იქნება კონსტრუქციულ ოპონირებაში“, – განაგრძო მან, „მაგრამ იქნება აბსოლუტურად მოუსვენარი და შეურიგებელი, როცა არ ეთანხმებით და როცა თქვენი პოზიცია გაქვთ, მაგრამ იმ პირობებში, როცა არასდროს არ იქნებით თქვენი ქვეყნის ოპოზიცია, არ ისურვებთ, რომ კრიჭაში ჩაუდგეთ თქვენ ქვეყანას, არ გაგიხარდებათ ქვეყნის მარცხი“.

„კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გითხრათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდა განსხვავება ჩვენი შეხედულებების ან იმას, რომ ჩვენს შორის ყველა უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს ისეთ საკითხებზე, რომელზეც ვერ დავეთანხმებით და არ დავეთანხმებით“.

„ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო უფლებების, უმცირესობების უფლებების, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა მან.

შემდეგ მან ისაუბრა პარლამენტის ქალაქ áƒ¥áƒ£áƒ—აისში დატოვების საჭიროებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ მიანიშნა, რომ თუმცა მას 15 დეპუტატი აკლდება 100–წევრიან საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, მაგრამ ის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა პარლამენტი თბილისში უკან დააბრუნოს.

„პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, მე მინდა ვთქვა ახალი უმრავლესობის გასაგონად, არც პარტიული გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ ინსტიტუტების განვითარებას და დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას მიეცეს შესაძლებლობა  ჩაერიოს და ჩაერთოს ამ ინსტიტუტების მუშაობაში“, – განაცხადა მან.

„ეს პარლამენტი არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული ძველი პარლამენტის შენობისგან, რომელიც ათასგვარ უბედურებასთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიაში, მაგრამ გარეგნულზე უფრო მეტად, ეს არის სიმბოლო და ინსტრუმენტი იმ თანასწორობისა, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ დროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო და ინსტრუმენტი. უფრო მეტიც, დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის შემდგომი დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით ასევე შესთავაზა მერებისა და გამგებლების, ასევე გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევა.

მან ასევე პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს მომავალ პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

„ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მე პირადად შევთავაზე თანამშრომლობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი  თავის საჯარო გამოსვლაში სახელით და გვარით ახსენა.

„ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები. იგივე შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და ჩვენს საგარეო საფრთხეებისგან დაცვის საკითხებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

‘ჩვენ ვართ ჯადოქრები’

პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს შენობის გარეთ მიცემულ მოკლე კომენტარში, რომ ერთი კვირის წინ, როცა  „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები ახალ შენობას სტუმრობდნენ, პრეტენზიებს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მისი მოწყობა არ იყოს დასრულებული.

„ერთ კვირაში მოსულან და მუშებს უთქვამთ: ‘დავამთავრეთო’ და შემოუტრიალდნენ, ვინც მუშაობდნენ პარლამენტში, ‘თქვენო ჯადოქრები ხართო თუ ვინა ხართო?’ დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და ასე რომ, ბევრი სასწაული მოხდება კიდევ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024